რამდენიმე საათის წინ, ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, პაოლო მალდინის უმცროსი ვაჟი, დანიელი ავტოავარიაში მოყვა. შემთხვევა მილანში, Via Caracciolo-ზე მოხდა, სადაც 24 წლის ფეხბურთელი Porsche Carrera-ს მართავდა. არსებული ინფორმაციით, მალდინიმ გზაჯვარედინზე სხვა მანქანას გზა არ დაუთმო, რის შედეგადაც ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ავარიის შემდეგ მალდინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ადვოკატის განცხადებით, 24 წლის ფეხბურთელს სერიოზული დაზიანება არ მიუღია და თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება ავარიის შედეგად დაზარალებულ სხვა პირებს, ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე ჩატარებულმა ალკოტესტმა მალდინის სისხლში ალკოჰოლის დასაშვებზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა. პირველმა ტესტმა 0.91 მგ/ლ, ხოლო განმეორებითმა 0.89 მგ/ლ აჩვენა. აღნიშნულის გამო ფეხბურთელს მართვის მოწმობა ჩამოართვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დანიელ მალდინიმ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხი აჩვენა, თუმცა აღნიშნული შედეგი ამ ეტაპზე საბოლოოდ დადასტურებული არ არის.











