დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეშვიდე ტურის დარჩენილი ცხრა მატჩი. ცენტრალურ დაპირისპირებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ლივერპულის სტუმრობა მარსელის ოლიმპიკთან. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
მარსელი V ლივერპული | 23:55
ლივერპულსა და მარსელს შორის სხვაობა ამ მომენტისთვის მხოლოდ სამი ქულა არის. საფრანგეთში გამარჯვების შემთხვევაში, მერსისაიდელები მოხვდებიან საუკეთესო 8 გუნდს შორის და 1/8 ფინალთან ერთ ნაბიჯში აღმოჩნდებიან. ცხადია, იგივე მიზნები ოლიმპიკსაც აქვს.
რაც შეეხება გუნდების ამჟამინდელ ფორმას, "წითლები" არ დამარცხებულან 27 ნოემბრის შემდეგ, თუმცა დროის ამ შუალედში მათ ანგარიშზე 12 შეხვედრაში 6 ფრე დაფიქსირდა. ცნობისთვის, ენფილდის ბინადრების ბოლო წაგება მოხდა სწორედ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, პსვ ეინდჰოვენთან.
სტაბილურობით არც პროვანსალური გუნდი გამოირჩევა - ხუთი გამარჯვება, სამი მარცხი და ერთი ფრე უკანასკნელ ცხრა მატჩში. უნდა ითქვას ისიც, რომ ორივე კლუბს დაუბრუნდნენ თავიანთი აფრიკელი ვარსკვლავები: მოჰამედ სალაჰი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მაგრამ მათი გამოჩენა ძირითადში მოსალოდნელი არ არის.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით მეშვიდე მატჩი და პირველი, 2008 წლის შემდეგ. იქამდე, სამჯერ იმარჯვა ლივერპულმა, ორჯერ მოიგეს ველოდრომის ბინადრებმა, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. გამოსარჩევია მერსისაიდელთა ლეგენდარული კაპიტნის, სტივ ჯერარდის შედეგი, რომელმაც მარსელს სხვადასხვა დროს 4 ბურთი შეუგდო.
ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მატჩის დღე
| გალათასარაი - ატლეტიკო | 21:45 |
| ყარაბაღი - აინტრახტი | 21:45 |
| მარსელი - ლივერპული | 23:55 |
| იუვენტუსი - ბენფიკა | 23:55 |
| სლავია - ბარსელონა | 23:55 |
| ბაიერნი - სენტ ჟილი | 23:55 |
| ჩელსი - პაფოსი | 23:55 |
| ატალანტა - ბილბაო | 23:55 |
| ნიუკასლი - პსვ | 23:55 |








