ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება. 8 სექტემბრიდან - 10 სექტემბრის ჩათვლით ფაზის პირველი ტურის მატჩები გაიმართება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის სტარტისგან.
რეალი VS ინტერი - ჟოზე მოურინიოსთვის განსაკუთრებული მატჩი
მატჩი, რომლის მთავარი გმირი იქნება არა რომელიმე ფეხბურთელი, არამედ მწვრთნელი - ჟოზე მოურინიო, ვისაც ბევრი რამ აკავშირებს როგორც რეალთან, ისე ინტერნაციონალესთანაც. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თავისი მე-2 და ამ მომენტისთვის უკანასკნელი ტიტული პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა მილანელებთან ერთად მოიგო.
"ნერაძურის" ყოფილი მწვრთნელი მოგვიანებით მივიდა მადრიდში, თუმცა იგივე წარმატების მიღწევა მან ვერ მოახერხა. 2012/2013-ის სეზონის დასრულებისას, "სამეფო კლუბი" დაემშვიდობა "განსაკუთრებულს", მაგრამ როგორც ვხედავთ, წლების შემდეგ, მას მე-2 შანსი მიეცა. 1-ელ სერიოზულ გამოცდას 63 წლის ტაქტიკოსი მისთვის კარგად ნაცნობ ჯუზეპე მეაცას მკვიდრებთან ჩააბარებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოურინიოსთვის ინტერის ამჟამინდელი მწვრთნელიც ახლო ადამიანია. საუბარია კრისტიან კივუს შესახებ, ვინც მილანელების მიერ ტრიპლეტის მოგების 2009/10-ის სეზონში პორტუგალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი ჯარისკაცი იყო. როგორც ვხედავთ, დღეს, ოსტატისა და შეგირდის დუელიც იქნება.
ლივერპული VS ატლეტიკო - დიეგო სიმეონეს გუნდის მორიგი ვიზიტი ენფილდზე
ორივე გუნდისთვის სატრანსფერო ზაფხული მოვლენებით დატვირთული გამოდგა. ლივერპული დაემშვიდობა მოჰამედ სალაჰს, ახალწვეულების რიგები კი ბრედლი ბარკოლამ შეავსო. აგვისტოს უკანასკნელ დღეს იწერებოდა გიორგი მამარდაშვილის ნოტინგემ ფორესტში წასვლაზეც, მაგრამ ახალგაზრდა გოლკიპერი მერსისაიდში დარჩა.
ეს ყველაფერი მოხდა ანდონი ირაოლას ინიციატივით, ვინც "წითლების" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე არნე სლოტი შეცვალა. ატლეტიკოს არ შეუცვლია დამრიგებელი, კლუბში კვლავ დიეგო სიმეონეა, თითქოს მარადიულად. რაც შეეხება გარიგებებს, მადრიდელთა მთავარი მიზანი იყო ხულიან ალვარესის შენარჩუნება და მათ აღნიშნულს მიაღწიეს.
დიახ, არგენტინელი თავდამსხმელი დარჩა "როხიბლანკოსში", თუმცა რამდენად ვიხილავთ მას დღეს ენფილდზე, რთული სათქმელია. კავშირისგან, რომელიც იყო დამყარებული მანჩესტერ სიტის ექს-ფორვარდსა და სიმეონეს გუნდის ქომაგებს შორის, აღარაფერია დარჩენილი...ამ ყველაფრის აღდგენას კი დრო სჭირდება.
ქართველები ჩემპიონთა ლიგაზე
მამარდაშვილის შესახებ უკვე ვისაუბრეთ - ის დარჩა ლივერპულში, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს ის დიდი ალბათობით დაიწყებს სათადარიგოთა სკამიდან, რადგან 1-ელ ვარიანტად ირაოლასთვისაც ალისონ ბეკერი რჩება. რაც შეეხებათ სხვებს, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მოქმედი ჩემპიონის, პარი სენ-ჟერმენის მოწინააღმდეგე სლოვან ბრატისლავა იქნება.
იყო დრო, როდესაც "ლურჯები" ითვლებოდნენ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე "ქართულ გუნდად", თუმცა პსჟ-სთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი ეროვნული გუნდიდან ერთადერთი მოთამაშე იქნება. ამის მიუხედავად, იაია ტურეს შეგირდების ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე გასვლაში ქართული კვალი მაინც ურევია.
როგორც გვახსოვს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ადრეულ სტადიაზე ტეჰელნე პოლეს ბინადრებმა თბილისის იბერია 1999 დაამარცხეს. ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობს ვილიარეალიც და უნდა ითქვას, რომ გიორგი მიქაუტაძე განსაკუთრებულ მოწინააღმდეგეს შეხვდება.
"სუბმარინას" ელის გასვლითი მატჩი დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ სიგნალ იდუნა პარკზე - არენაზე, სადაც ქართველმა თავდამსხმელმა ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ეროვნული გუნდის კარი აიღო. ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მოხვდა შახტარ დონეცკი ირაკლი აზაროვთან ერთად, რომელიც პსვ ეინდჰოვენს ესტუმრება.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველი ტურის ყველა მატჩი
| ბრიუგე - ასტონ ვილა | 20:45 | 8 სექტემბერი |
| აეკი - ლასკი | 20:45 | 8 სექტემბერი |
| რეალი - ინტერი | 23:00 | 8 სექტემბერი |
| დორტმუნდი - ვილიარეალი | 23:00 | 8 სექტემბერი |
| პორტუ - მანჩესტერ სიტი | 23:00 | 8 სექტემბერი |
| ლილი - ბეტისი | 23:00 | 8 სექტემბერი |
| ბარსელონა - ფეიენოორდი | 20:45 | 9 სექტემბერი |
| შტუტგარტი - ვიკინგი | 20:45 | 9 სექტემბერი |
| ატლეტიკო - ლივერპული | 23:00 | 9 სექტემბერი |
| ნაპოლი - არსენალი | 23:00 | 9 სექტემბერი |
| პსჟ - სლოვანი | 23:00 | 9 სექტემბერი |
| სპორტინგი - გალათასარაი | 23:00 | 9 სექტემბერი |
| ფენერბაჰჩე - რომა | 20:45 | 10 სექტემბერი |
| პსვ - შახტარი | 20:45 | 10 სექტემბერი |
| ბაიერნი - ბოდო გლიმტი | 23:00 | 10 სექტემბერი |
| მანჩესტერ იუნაიტედი - საბაჰი | 23:00 | 10 სექტემბერი |
| კომო - ლაიფციგი | 23:00 | 10 სექტემბერი |
| სლავია - ლანსი | 23:00 | 10 სექტემბერი |













