ქართულ ელ კლასიკოდ წოდებული მატჩი დინამო თბილისსა და ქუთაისის ტორპედოს შორის, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ხოლმე, წელს კი ამ დაპირისპირებას განსაკუთრებით დიდი ინტერესი და მოლოდინი აქვს.
ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, წაუგებელი სერია აქვთ და ჩემპიონობისთვის იბრძვიან, ამას ემატება თემურ ქეცბაიას ფაქტორიც.
ასეთი დიდი ინტერესი ქართული კლასიკოს მიმართ ალბათ ბოლო 10 წელია არ ყოფილა და "დინამო არენა" ათასობით გულშემატკივრის მოლოდინშია.
დინამო თბილისს 6 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. მას შემდეგ, რაც გუნდი თემურ ქეცბაიამ ჩაიბარა, თბილისელებს 4 მოგება და 2 ფრე აქვთ, რითიც მეოთხე პოზიციას იკავებენ. არადა, ქეცბაიას მოსვლამდე დინამოს 7 მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.
სეზონის წარუმატებელი სტარტის შემდეგ, 10 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს ტორპედოს. იმერულ კლუბს ბოლო 10 შეხვედრაში 5 მოგება, 5 ფრე აქვს და მეორე ადგილს იკავებს.
ვინაიდან ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა და რომელიმე გუნდის წაუგებელი სერია შეწყდება, ამ კუთხით მატჩს კიდევ ერთი დიდი დატვირთვა აქვს.
ფეხბურთელი, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ
ქუთაისის ტორპედოს შემტევი გიორგი არაბიძე საოცარ ფორმაშია. იმერულ კლუბს ტრანსფერი გაუმართლდა და არაბიძის დაბრუნება სარგებლიანი გამოდგა. წელს მის ანგარიშზე 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. LaGazzetta.ge-მ არაბიძე აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ნანა კოფი დონკორი - 19 წლის განელი ლეგიონერი, რომელიც დინამო თბილისის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ეფექტური თამაში, ლამაზი გოლები, დრიბლინგი და ყველაფერი ის, რაც ფეხბურთის გულშემატკივარს სიამოვნებას ანიჭებს.
საინტერესო ფაქტები
ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერები ტორპედოს ფეხბურთელები არიან - კომნენ ანდრიჩი (6 გოლი, 2 ასისტი) და გიორგი არაბიძე (4 გოლი, 7 ასისტი)
ბოლოს ტორპედომ "დინამო არენაზე" ორი წლის წინ, მომო იანსანეს დუბლით 2:1 გაიმარჯვა.
დინამოსა და ტორპედოს შორის გამართული ბოლო სამი მატჩიდან სამივე ფრედ დასრულდა
თუ დინამო თბილისის შემადგენლობის ნახევარზე მეტი ამ გუნდის აკადემიის აღზრდილია, თავისი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ტორპედოსაც ჰყავს - ალეკო ბასილაძე, 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი.
ამ გუნდებს შორის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 2017 წელს შედგა - კაპანაძის გოლი, ბოლო წუთზე გაფუჭებული პენალტი და ტორპედოს ნანატრი ჩემპიონობა.
იშვიათობაა, მაგრამ ფაქტია - მოედანზე არცერთი ისეთი ფეხბურთელი არ იქნება, რომელსაც ორივე გუნდში აქვს ნათამაშები.
დინამო თბილისი - ქუთაისის ტორპედო
ეროვნული ლიგა, მე-15 ტური
24 მაისი, 19:00
დინამო არენა, თბილისი
მთავარი მსაჯი: ირაკლი შენგელია
სავარაუდო შემადგენლობები
დინამო თბილისი:ლორია, კალანდაძე, კურდიჩი, უგრეხელიძე, ხარებაშვილი, ნინუა, ოსეი, მონტეირო, დონკორი, იორო, გ.ხარებაშვილი
ტორპედო:კლიაჩი, ჩერიფი, მანე, სიმიჩი, ნადარაია, ითრაკი, მამუჩაშვილი, პირესი, არაბიძე, დეისაძე, ანდრიჩი














