პაულო დიბალა ძალიან კარგ ფორმაში დგება - არგენტინელმა სერია ა-ს ბოლო ტურში ტორინოს ჰეთთრიკი შეუსრულა. ამ სეზონის ყველა ტურნირზე 30 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. პაულოს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და ამ დრომდე მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე საუბარი არ ყოფილა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ რომა გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ტიაგო პინტუმაც დატოვა, შესამაბისად, კლუბი ახალ კონტრაქტზე მუშაობას იქამდე ვერ დაიწყებს, სანამ ახალ სპორტულ დირექტორს არ წარადგენს.
დიბალას მომავალი პირდაპირ კავშირშია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლასთან. ამ მომენტისთვის რომა სერია ა-ში მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ოთხეულს 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა შესაძლოა ხუთეულში მოხვედრაც საკმარისი იყოს მომდევნო სეზონისთვის უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობისთვის. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული მწვრთნელზეც - როგორც პრესაში იწერება, არგენტინელს დე როსისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა რა იქნება ზაფხულში, ამას ახლა ვერ განვსაზღვრავთ. იქნება თუ არა დე როსი რომაში მომდევნო სეზონზეც, ჯერ არავინ იცის.
რომაში ფეხბურთელის შენარჩუნება უპირველესი გეგმაა, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გარდა, ფეხბურთელის მიმართ ინტერესი იზრდება. რამდენიმე პრემიერლიგური კლუბი უკვე გააქტიურებულია, ისევე როგორც ლა ლიგის კლუბებიც. ზაფხულში მოსალოდნელია საუდის კლუბების თავიდან გააქტიურებაც.
"La Joya" უკვე 30 წლისაა და ნორმალურია, რომ მომავალზე სერიოზულად ფიქრობს. რომაში დარჩენა? პრემიერ ლიგაში ან ლა ლიგაში თამაში თუ საუდი და დიდი ხელფასი? ყველაფერს ზაფხულში გავიგებთ.