"ლურჯ-წითლები" 80-იანების დასაწყისში აღნიშნულ ტურნირზე ორჯერ მონაწილეობდნენ და მათ ანგარიშზე ერთი ჩემპიონობაც კი არის. ეს მოვლენა თარიღდება 1982 წლით, მაგრამ სანამ გავიხსენებთ უშუალოდ ტრიუმფის მომენტს, მიმოვიხილოთ ისიც, თუ როგორ გახდნენ ვილა პარკის ბინადრები ევროპაში ნომერ პირველები.

მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების გასაყარზე "ლურჯ-წითლებმა" ქვეყნის ჩემპიონობა ექვსჯერ იზეიმეს, თუმცა შემდეგ კლუბმა ნელი ტემპით ფსკერისკენ დაშვება დაიწყო. სიტუაცია იმდენად სავალალო იყო, რომ 1970 წლისთვის ვილა პარკის ბინადრები მე-3 დივიზიონში აღმოჩნდნენ. ეს ყველაფერი თითქოს უცნაურია, იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური რესურსი ასტონ ვილას თითქმის ყოველთვის ჰქონდა.
ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1972 წელს, ჯერ კიდევ მესამე დივიზიონში მყოფმა ბირმინგემელებმა ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად 10 ათასი ფუნტის სანაცვლოდ სანტოსი ჩამოიყვანეს. ქალაქში საზეიმო განწყობა იყო, რადგან "ვილანების" წინააღმდეგ ხომ თვით ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე ითამაშებდა.

"ალვინეგროს" ლიდერი არ აპირებდა მოედანზე გამოსვლას, სანამ ინგლისელი ბიზნესმენი მის ფინანსურ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ვილა პარკის ბინადრების უფროსს დამატებითი თანხის გაღება მოუწია, რის შემდეგაც დაგეგმილი მატჩი მაინც შედგა, მაგრამ თამაშის წინ, თავი კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა.
ქალაქში იმ დროს მიმდინარეობდა მაღაროელების გაფიცვა, რის გამოც ელისის კლუბის საშინაო არენა ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. სასწრაფოდ მოიტანეს გენერატორი, მაგრამ სტადიონზე არსებული 4 პროჟექტორიდან ერთ-ერთი მაინც არ მუშაობდა. ის მატჩი ასტონ ვილამ მოიგო (2:1), "შავ-თეთრებმა" კი წაგების მიზეზად სწორედ ცუდი განათება დაასახელეს.

"ლურჯ-წითლები" აღზევდნენ პირველ დივიზიონამდე და ამის შემდეგ, ამ გუნდმა უეფას თასზეც კი ითამაშა. რონი ნელ-ნელა აწყობდა საჩემპიონო კოლექტივს და 1980/81 წლების სეზონში მოსახდენი მოხდა: 71-წლიანი პაუზის შემდეგ ვილა პარკის ბინადრები ინგლისის ჩემპიონები გახდნენ, თავის ისტორიაში მეშვიდედ და ჯერჯერობით ბოლოჯერ.
ქვეყნის ჩემპიონობა ნიშნავდა მომავალ წელს ჩემპიონთა თასზე თამაშს, სადაც სონდერსის გუნდმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ფინალამდე მიმავალ გზაზე ასტონ ვილამ დაამარცხა ვალური, ბერლინის დინამო, კიევის დინამო და ანდერლეხტი. ამის მიუხედავად, ინგლისელმა სპეციალისტმა კლუბი შუა სეზონში დატოვა.

"ლურჯ-წითლებში" ახალი ფეხბურთელები არ მოსულან, დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წევრი დააკავეს, მთავარი მწვრთნელი კი ამ არეულობის ფონზე გადადგა. ეს ყველაფერი ხდებოდა უკრაინულ გუნდთან მატჩამდე 3 კვირით ადრე. ვილა პარკის ბინადრებს სათავეში ჩაუდგა კლუბის იმდროინდელი სკაუტი, ზემოხსენებული ბარტონი, რომელმაც თავისი წინამორბედის საქმე ბოლომდე მიიყვანა.

"ვილანებმა" გადალახეს სტამბოლის ბეშიქთაშისა და ბუქარესტის დინამოს ბარიერი, ტურინის იუვენტუსს კი ვერაფერი მოუხერხეს. 1983 წლის 16 მარტს, "ბებერმა ქალბატონმა" მოიგო ანგარიშით 3:1, იმის შემდეგ, "ლურჯ-წითლები" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე აღარ გამოჩენილან. ნავსი 41 წლის შემდეგ გატყდა. დიახ, ვილა პარკზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი აჟღერდა.
იმ დროს სონდერსისა და ბარტონის ლეგენდარულ გუნდში ბრწყინავდნენ გორდონ კოუენსი, ალან ევანსი, ახალგაზრდა ნაიჯელ სპინკი, დენის მორტიმერი, გარი უილიამსი, ჯიმი რიმერი, კენ მაკნაუთი, კოლინ გიბსონი და სხვები. დღეს, ასტონ ვილას თანამედროვე ისტორიას უკვე ახალი გმირები წერენ.


















