ქუთაისის ტორპედო ევროტურნირების დაწყების წინ გაძლიერებას აგრძელებს. მას შემდეგ, რაც ქუთაისურმა კლუბმა მამადუ სახო წარადგინა, ბოლო საათებში გუნდმა კიდევ ორი ფეხბურთელის ტრანსფერი გააოფიციალურა. ტორპედომ ორი ნახევარმცველი დაიმატა: 24 წლის
ცოტნე ფაცაცია დინამო ბათუმიდან და 27 წლის
ირაკლი ბიძინაშვილი ჟენისიდან;
ტორპედომ ცოტნე ფაცაციასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კლუბის მხრიდან მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით, ხოლო ირაკლი ბიძინაშვილთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ასევე, კლუბის მხრიდან მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.
ქუთაისურმა გუნდმა სულ რამდენიმე საათის წინ მოახერხა, საქართველოს სუპერ თასის მოგება. კინის გუნდმა ფინალში, მისთვის ყველაზე პრინციპული მეტოქე, დინამო თბილისი 1:2 დაამარცხა და კლუბის ისტორიაში, სუპერ თასის ტიტულს მესამეჯერ დაეუფლა.
რაც შეეხება ევროტურნირებს, ტორპედო კონფერენს ლიგაზე, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, ალბანური ტირანა იქნება. პირველი შეხვედრა 11 ივლისს, ქალაქ ქუთაისში გაიმართება - მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილში გამარჯვებული კი მომდევნო ეტაპზე, ომონიას დაუპირისპირდება.
ფოტო: ტორპედო ქუთაისი.