იუვენტუსსა და ატალანტას შორის საბოლოო შეთანხმება შედგა! 26 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველი ტეუნ კუპმაინერსი კარიერას "ბიანკონერიში" გააგრძელებს. მხარეებმა ყველა დეტალი რამდენიმე წუთის წინ შეათანხმეს, საუბარია €59 მილიონიან გარიგებაზე, რის მიხედვითაც ფეხბურთელი იუვესთან კონტრაქტს 2028 ან 2029 წლამდე მოაწერს ხელს.
ტიაგო მოტა ახალ შემტევ ნახევარმცველს ეძებდა და კუპმაინერსი პირველივე დღიდან მთავარი სამიზნე იყო. იმის მიუხედავად, რომ ატალანტას ფეხბურთელის გაყიდვა არ სურდა, ბერგამასკი ნიდერლანდელის სურვილის საწინააღმდეგოდ არ წავიდა და იუვეს ბოლო შეთავაზებას დათანხმდა.
კუპმაინერსი ატალანტას ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავდა, რა დროშიც ფეხბურთელმა 129 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 29 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. ახლა კი ტეუნი ახალი გამოწვევისთვის ემზადება, ფეხბურთელს ტურინში სამედიცინო შემოწმების გასავლელად უკვე ელოდებიან.