ლონდონის ჩელსის ლეგენდარულმა კაპიტანმა, ჯონ ტერიმ ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე გაიხსენა. მისთვის პირველ ადგილზე ტიერი ანრი არის. ყოფილმა ინგლისელმა უკანახაზელმა, ასევე, დაასახელა უეინ რუნი, სერხიო აგუერო და ჰარი კეინი. აქვე დავამატებთ, რომ ენდი კოულთან ერთად, "არისტოკრატების" ექსკაპიტანი პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
"ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე? - ჩემთვის ასეთი ანრი იყო. შეშინებული ვიყავი, როდესაც ის მოედანზე იყო. ასევე მინდა გამოვარჩიო რუნი, რომელიც ფენომენალური მოთამაშე იყო. ჩემი აზრით, უეინი არის დაუფასებელი, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი დიდებული იყო ის მანჩესტერსა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში.
იუნაიტედის თავდამსხმელი ვარჯიშებზეც კი სახიფათო იყო. ასევე ძალიან რთული იყო აგუეროსა და კეინის წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა 43 წლის ყოფილმა უკანახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ ტერიმ კარიერის უმეტესი ნაწილი "ლურჯებში" გაატარა, მათთან ერთადაც მოიგო პრემიერ ლიგის 5 ტიტული და ჩემპიონთა ლიგა.