1992 წელს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა უკვე აღდგენილი იყო, ჩვენი ქვეყანა ოლიმპიადაზე გაერთიანებული გუნდის სახელით ასპარეზობდა, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები ერთიანდებოდნენ. გარდა ბალტიისპირეთისა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სხვებზე ადრე მოიპოვეს დამოუკიდებლობა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღიარება.
ბარსელონას ოლიმპიადაზე საქართველოდან 12-მა სპორტსმენმა იასპარეზა. ქართველებმა 8 მედალი, 3 ოქრო და 5 ბრინჯაო მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ დავით ხახალეიშვილი, ლერი ხაბელოვი და კახი კახიაშვილი, ბრინჯაოს პრიზიორები კი გიორგი კოღუაშვილი (ბ.რ. ჭიდაობა), დავით გობეჯიშვილი (თ. ჭიდაობა), ლეილა მესხი (ჩოგბურთი), რამაზ ფალიანი (კრივი) და ხათუნა ქვრივიშვილი (მშვილდოსნობა) გახდნენ.
საქართველოს დებიუტი ზაფხულის ოლიმპიადებზე 1996 წელს აშშ-ში, ატლანტაში შედგა. XXVI ოლიმპიადაზე საქართველოდან 36 მონაწილემ იასპარეზა და ბრინჯაოს 2 მედალ მოიპოვეს, (სოსო ლიპარტელიანი - ძიუდო და ელდარ კურტანიძე - თავისუფალი ჭიდაობა).
2000 წელს XXVII ოლიმპიადაზე, სიდნეიში საქართველოდან 36-მა სპორტსმენმა იასპარეზა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ოლიმპიადის პრიზიორები გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო), გიორგი ასანიძე (ძალოსნობა), აკაკი ჩაჩუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ვლადიმერ ჭანტურია (კრივი), მუხრან ვახტანგაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ელდარ კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოქროს მედალი ქართველებმა 2004 წელს, ათენის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვეს. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური გახდა, ამავე ოლიმპიადაზე ჩემპიონობა ძალოსანმა, გიორგი ასანიძემ იზეიმა. საქართველოს 2004 წლის ოლიმპიადაზე 33 მონაწილე ჰყავდა და 2 ოქროსთან ერთად, 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა (ნესტორ ხერგიანი (ძიუდო) ვერცხლი, რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) ვერცხლი).
2008 წლის ოლიმპიადა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს, სწორედ ამ ოლიმპიადაზე, ყველაზე მეტი, 3 ოქროს მედალი მოიპოვეს ქართველებმა. 8 აგვისტო საქართველოში ომი დაიწყო ჩინეთში კი ოლიმპიადა.
XXIX ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან 35-მა სპორტსმენმა იასპარეზა და 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო) და რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლი გიორგი გოგშელიძემ (თავისუფალი ჭიდაობა) და არსენ კასაბიევმა (ძალოსნობა) მოიპოვეს, ბრინჯაოს კი ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ოთარ თუშიშვილი დაეუფლნენ.
2012 წელს საქართველოდან ლონდონის ოლიმპიადაზე 35-მა სპორტსმენმა იასპარეზა და 7 მედალი, 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს.

ოლიმპიური ჩემპიონობა 20 წლის ლაშა შავდათუაშვილმა იზეიმა, ლაშა გახდა პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა.
ვერცხლის მედლები ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), დავით მოძმანაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) და რევაზ ლაშხმა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) მოიპოვეს, ბრინჯაო დავით მარსაგიშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), გიორგი გოგშელიძემ (თავისუფალი ჭიდაობა) და მანუჩარ ცხადაიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) დაისაკუთრეს.
2016 წელს 2012-თან შედარებით, ოლიმპიური ოქროს რაოდენობა გაიზარდა, ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში გამართულ XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან 40 მონაწილე იყო და 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) გახდნენ. რიოს ოლიმპიადაზე ლაშასთან ერთად კვარცხლბეკზე ირაკლი თურმანიძე იდგა, რომელმაც ბრინჯაო დაისაკუთრა და საქართველოს ჰიმნის ფონზე რიოში საქართველოს 2 დროშა აღიმართა, რაც ქართული სპორტისთვის ისტორიული მოვლენა იყო.
ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო) მოიპოვა, მესამე საპრიზო ადგილზე შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა) გავიდნენ.

2020 წლის ოლიმპიური თამაშები პანდემიის გამო გადაიდო და 2021 წელს ჩატარდა.
8 მედალი, 2 ოქრო, 5 ვერცხლი 1 ბრინჯაო, - 32-ე ოლიმპიური თამაშების შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულია, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს დელეგაციამ რაოდენობრივად ყველაზე მეტი მედალი მოიპოვა. ტოკიოში საქართველოდან 33 სპორტსმენმა იასპარეზა.
საქართველოს 8 მედლიდან 4 ძიუდოისტებმა მოიპოვეს, რაც ქართული ძიუდოსთვის ასევე, ისტორიული შედეგია.
ლაშა ბექაურის ოქროს მედალთან ერთად, ძიუდოისტებმა ვერცხლის 3 მედალი მოიპოვეს. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორები ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100კგ.) გახდნენ. ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც ოლიმპიადაზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული.
ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.
ვერცხლის 2 მედალი მოჭიდავეებმა მოიპოვეს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში იაკობ ქაჯაია, თავისუფალში კი გენო პეტრიაშვილი გახდნენ პრიზიორები. ბრინჯაოს მედალი ძალოსან ანტონ პლესნოის ანგარიშზეა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოლიმპიური თამაშების შედეგების გათვალისწინებით, რაოდენობრივად ყველაზე მეტი - 8 მედალი ქართველებმა წინა ოლიმპიადაზე, ტოკიოში მოიპოვეს, სინჯის მიხედვით თუ გავითვალისწინებთ, ყველაზე მეტი 3 ოქროს მედალი საქართველოს დელეგაციამ 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე მოიპოვა.
რაც შეეხება ოლიმპიურ დევიზს: "უკეთ ვიდრე წინა ოლიმპიადაზე", გაამართლებს თუ არა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია და შეძლებს უკეთ ასპარეზობას ვიდრე წინა ოლიმპიადაზე, ეს პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდგე გაირკვევა, თუმცა იმისთვის რომ შედეგი გაუმჯობესდეს რაოდენობრივად 8-ზე მეტი მედალია საჭირო, სინჯის მიხედვით, კი 3 ოქროზე მეტი.









