ქართულ საკლუბო ფეხბურთში ყველაზე დიდი გამარჯვების გოლი 43 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში ვიტალი დარასელიამ იენის „კარლ ცაისს“ გაუტანა. თბილისის „დინამომ“ 2:1 გაიმარჯვა და "თასების მფლობელთა თასის" გამარჯვებული გახდა.
გერმანელებმა ანგარიში 63-ე წუთზე გახსნეს, თუმცა უპირატესობას მხოლოდ 3 წუთი ფლობდნენ, წონასწორობა ვლადიმერ გუცაევმა აღადგინა. 87-ე წუთზე კი ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
საბჭოთა სისტემის ჩაკეტილ საზღვრებში თბილისის დინამოს ხმაურიანი გამარჯვება ქართველი ხალხისთვის დიდი გარღვევა იყო, გამარჯვება, რომელიც შლიდა საზღვრებს და ევროპას უყვებოდა პატარა საბჭოთა ქვეყნიდან ჩამოსული გმირების შესახებ და საბჭოეთს მიღმა დარჩენილ დანარჩენ მსოფლიოს ახსენებდა, რომ მათგან ოდნავ შორს, ევროპისა და აზიის გასაყართან, ევროპულ ტერიტორიაზე განსაკუთრებული მონდომებით თამაშობენ ფეხბურთს გამარჯვებისთვის. დინამოელებმა მსოფლიოს დაანახეს ქართული ფეხბურთის ნიჭი და ქართველი ხალხისთვის ეროვნულ იდენტობად ქცეული თბილისის დინამო გამარჯვების მთავარ სიმბოლოდ იქცა.
„წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში, ხარობს და ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა!"- ქვეყნის ხსენების გამო კომენტატორის მიმართ დიქტატორულ რეჟიმს კითხვები გაუჩნდა, რას ნიშნავდა ცალკე ქვეყანა - საქართველო, თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილი, რომელსაც საქართველოში სხვანაირი ძალა აქვს, დინამოს გამარჯვებამ ეროვნული იდენტობის განცდას სხვა გამოხატვა მისცა, ეს არ იყო ზეიმი მხოლოდ ფეხბურთის გამო, ეს იყო ზეიმი საქართველოს გამო, დინამო კი ქართველების ეროვნული იდენტობა.
ლეგენდარული ქართველი კომენტატორის, კოტე მახარაძის ზემოთ აღნიშნული ფრაზა ქართველების სიხარულს ნაწილობრივ გადმოსცემს. აქ უნდა დამეწერა, წარმოუდგენელია იმის წარმოდგენა, რაც მაშინ საქართველოში იქნებოდა, თუმცა 53 დღის წინ მივხვდით, რა ხდებოდა 1981 წლის 13 მაისს ჩვენს სამშობლოში. 2024 წლის 26 მარტმა ზემოთ გამუქებული სიტყვის, - "ქართულ საკლუბო ფეხბურთში" ჩამატება განაპირობა, წელს პირველად 13 მაისს ქართული ფეხბურთის დიდი სანაკრებო გამარჯვებით ვხდებით, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება. ახლა უკვე ჩვენც შეგვიძლია მოვყვეთ რა ხდებოდა 26 მარტს თბილისის ქუჩებში, მაგრამ სანაკრებო და საკლუბო ასპარეზის გარდა, არსებობს მთავარი ფაქტორი, საბჭოთა დიქტატორული სისტემის გამო, 1981 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები არ არსებობდა, არ არსებობდა საქართველოს სახელმწიფო დროშა და სამშობლოწართმეული ხალხისთვის თბილისის დინამო ნაკრების ტოლფასი იყო, ამიტომაც ისტორიულმა გამარჯვებამ სრულიად საქართველო მოიცვა, ზეიმი ქუჩებში, დახვედრა აეროპორტში და გამარჯვებულებთან შეხვედრა გადაჭედილ დინამო არენაზე დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.

ისტორიული გამარჯვება La Gazzetta dello Sport Georgia-სთან თბილისის დინამოს ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა გაიხსენეს:
ვლადიმერ გუცაევი: „ყველაფერი კარგი, რაც შეიძლება ახსენდებოდეს ადამიანს, უკავშირდება 13 მაისს. 43 წელი გავიდა, ყოველ წელს ვსაუბრობთ ამ გამარჯვებაზე და რა თქმა უნდა, რთულია რამე ახალი ვთქვა, მაგრამ ის, რაც მაშინ ჩვენს თავს ხდებოდა, ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. მოგეხსენებათ, მაშინ საქართველოს ნაკრები არ არსებობდა და წელს ჩვენი ნაკრების ისტორიულმა გამარჯვებამ და იმ ფაქტმა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ითამაშებს ძალიან გაგვახარა, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ.“
ოთარ გაბელია: "43 წელი გავიდა და ის სიხარული არ ნელდება, დღესაც დიდი სიყვარულით გვეგებება ხალხი, ქუჩაში გვხვდებიან, ფოტოებს იღებენ. ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ქართველი ხალხის სიხარული იყო, ვხედავდით რაოდენ დიდი ბედნიერება ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში, მთელი ერი გახარებული იყო და ეს იყო ყველაფერი ჩვენთვის. წელს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოახერხა და ამ ისტორიული შედეგით ისეთივე გახარებული იყო ხალხი, როგორც 43 წლის წინ. ძალიან კარგად დაემთხვა ის, რომ ჩვენმა ნაკრებმა საქართველოში გაიმარჯვა და ხალხთან ერთად იზეიმეს ეს ისტორიული გამარჯვება. ჩვენ გერმანიაში ვიყავით. იმედი მაქვს უახლოეს მომავალში დიდი საკლუბო გამარჯვებებიც იქნება ქართულ ფეხბურთში.
საბჭოთა კავშირში დიდი გამარჯვებები გვქონდა და თბილისის დინამოს მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი ფიქრობდა, რომ რომელიმე საერთაშორისო თასისთვისაც უნდა გვებრძოლა, რთული წარმოსადგენი იყო ეს გამარჯვება, მაგრამ ჩვენ დიდხანს ვემზადებოდით.
ახალკაცმა თამაშამდე გვითხრა, რომ ზედმეტი ემოციები არ გვქონოდა, ყველანაირად გამორჩეული პიროვნება იყო და სწორი განწყობა შეგვიქმნა. თამაშამდე მიგვიყვანა, მოედანზე გასვლის წინ გაგვაჩერა, უწმინდესის და უნეტარესის, ჩვენი პატრიარქის წერილი იყო გამოგზავნილი და ის წაგვიკითხა, ამან ძალიან დიდი სტიმული მოგვცა, მოტივაცია მოგვემატა. ზუსტად სიტყვები არ მახსოვს, მაგრამ ეს გამამხნევებელი წერილი იყო, პატრიარქის წერილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, არ ველოდებოდით, პირდაპირ თამაში რომ იწყებოდა ანუ მოთელვის შემდეგ, უშუალოდ სათამაშოდ გავდიოდით, გაგვაჩერა ახალკაცმა და ეს რომ გვითხრა სტიმული მოგვცა.“
თბილისის „დინამოს" განვლილი გზა გამარჯვებამდე:
1980-81 წლების ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშება;
1/16 "დინამო" - "კასტორია" (საბერძნეთი) 0:0, 2:0
1/8 "დინამო" - "უოტერფორდი" (ირლანდია) 1:0, 4:0
1/4 "დინამო" - "ვესტ ჰემი" (ინგლისი) 4:1, 0:1
1/2 "დინამო" - "ფეიენოორდი" (ჰოლანდია) 3:0, 0:2
ფინალი: "დინამო" - "კარლ ცაისი" (გდრ) 2:1
ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 21-მა ფეხბურთელმა:
მეკარე:
ოთარ გაბელია
მცველები: ალექსანდრე ჩივაძე, ნოდარ ხიზანიშვილი, გია თავაძე, თამაზ კოსტავა,
შოთა ხინჩაგაშვილი, დავით მუჯირი, გიორგი ჭილაია;
ნახევარმცველები: თენგიზ სულაქველიძე, ვიტალი დარასელია; ზაურ სვანაძე, ნუკრი კაკილაშვილი, ვახტანგ ქორიძე, გოჩა ჯოხაძე, კონსტანტინე კერესელიძე;
თავდამსხმელები: რამაზ შენგელია, დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, რევაზ ჩელებაძე, ვაჟა ჟვანია, გურამ ჩქარეული.








