დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი გააოფიციალურა — დედაქალაქურმა გუნდმა 24 წლის გვატემალელი შემტევი, ოსკარ სანტისი დაიმატა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლამდე გაფორმდა (+1 წელი გახანგრძლივების პერსპექტივით). ახალგაზრდა შემტევი, გუნდს თურქეთში შეუერთდება, სადაც დინამო ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებას გაივლის.
ოსკარმა საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ სუჩიტეპეკესში დაიწყო, სადაც 4 წელიწადში, მხოლოდ 23 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. შემდეგ იყო კომუნიკასიონესი, სადაც 4 სეზონი გაატარა. დინამომ სანტისი თავისუფალი აგენტის სტატუსით, ადგილობრივი ანტიგუადან დაიმატა. ამ სეზონში 24 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ორი გატანილი გოლი იყო. ოსკარი გვატემალის ჩემპიონატის 3-გზის გამარჯვებული და კონკაკაფის ლიგის ჩემპიონია.
სანტისს გვატემალის ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც 9 გოლის გატანა მოახერხა.
ამ სატრანსფერო ფანჯარაზე, დინამოსთვის ეს უკვე მეორე ტრანსფერი იყო. თბილისურმა კლუბმა, რამდენიმე საათის წინ, ლიეტუვას ეროვნული ნაკრების წევრი, დანიელ რომანოვსკი წარადგინა.