პარიზი 2024, VII დღე — თუშიშვილი V რინერის მოლოდინი და გოლოვინას მე-4 ოლიმპიადა

დღეს, ძიუდოს ინდივიდუალური ტურნირის ბოლო მედლები გათამაშდება და გამარჯვებისთვის ქალთა და მამაკაცთა მძიმე წონები იბრძოლებენ. საქართველოს ნაკრებიდან კი გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი იასპარეზებენ.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდა, სადაც ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. პარიზში ქართველი ძიუდოისტის პირველი მეტოქე სენეგალელ ნდიაეს და გვიანე-ბისაუელ მანეს შორის გამარჯვებული იქნება. 1/4 ფინალში კი გურამ თუშიშვილი უდიდესი ალბათობით, ლეგენდარულ ტედი რინერს შეხვდება.
ქალთა მძიმე წონაში კი პირველი ორთაბრძოლა სოფიო სომხიშვილის და გერმანელი რენე ლუხტის იქნება. აღნიშნული ბარიერის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში კი, 1/8 ფინალში ქართველი ძიუდოისტი წონის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, ფრანგ რომან დიკოს დაუპირისპირდება. ძიუდოს წინასწარი ორთაბრძოლები 12:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე აიღებს სტარტს.
ოლიმპიური თამაშების რეკორდსმენი, ნინო სალუქვაძე 25 მეტრიდან პისტოლეტით ტყვიის სროლის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დილის 11:00 საათიდან დაიწყება და ფინალში 8 საუკეთესოს მსროლელი გადავა. ლიკა ხარჩილავა კი 100 მეტრზე რბენაში იასპარეზებს — ქართველი მძლეოსნისთვის პარიზის ოლიმპიადა კარიერაში სადებიუტოა.
კარიერაში მე-4 ოლიმპიურ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობას ლუბა გოლოვინა, რომლის ოლიმპიური ისტორია 2008 წლის პეკინის თამაშებზე იწყება — ჩინეთში მან კარიერაში საუკეთესო ოლიმპიური შედეგი, მე-7 ადგილი დააფიქსირა. 34 წლის ქართველი ბატუტზე მხტომელი ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს და საუკეთესო 8 სპორტსმენში ეცდება მოხვედრას. კვალიფიკაცია 14:00-ზე, ხოლო ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება.







