საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოლიმპიადის მონაწილეების ფიცის დადების ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
"ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზად მიიღებენ 1 მილიონ ლარს, ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა ვერცხლის მედლის პრიზიორებისთვის, ხოლო 250 ათასი ლარი - ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებათ, რათა ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ, დამატებით აამაღლებს",
- ირაკლი კობახიძე.
ამ დროისთვის, 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 29 ლიცენზია აქვს, საიდანაც 28 ინდივიდუალურად, სპორტსმენებმა მოიპოვეს, ერთი კი ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრების ანგარიშზეა. ეს უკანასკნელი, ისტორიული ლიცენზიაა საქართველოსთვის.
შესაძლოა, საქართველოსთვის ოლიმპიური ლიცენზიების რაოდენობა გაიზარდოს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გარკვეული სპორტსმენები უარს განაცხადებენ ოლიმპიურ თამაშებზე, შესაძლოა, ეს ჩოგბურთელებმა გააკეთონ, რის შემდეგაც ჩანაცვლების პრინციპით, შანსი ქართველებს მიეცემათ.
შეგახსენებთ, XXXIII ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.



















