2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების მეორე დღეს, საქართველო ღირსებას 3 სპორტსმენი დაიცავს — ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი ყუშიტაშვილი და ნოე ფანცხავა.
ძიუდოს 66 კგ. წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებიდან ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა და საბოლოოდ, ვერცხლს დასჯერდა.
30 წლის ქართველი ძიუდოისტი C ჯგუფშია განთესილი და პირველ წრეში ისვენებს. 1/8 ფინალში კი ვაჟა მარგველაშვილის მეტოქე ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელი, მოჰამედ რაშნონეზადსა და ფრანგ ვალიდ ხიარს შორის გამარჯვებული იქნება. ძიუდოში წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი სტარტს 18:00 საათზე აიღებს.
კრივის 92 კგ. წონით კატეგორიის 1/16 ფინალში იასპარეზებს გიორგი ყუშიტაშვილი, რომლის საწყისი მეტოქე ტაჯიკი დავლათ ბოლთაევი იქნება.
ნოე ფანცხავა კი 100 მეტრზე გულაღმა ცურვის კვალიფიკაციაში მიიღებს მონაწილეობას. ცურვა სტარტს აიღებს 12:00 საათზე, ხოლო კრივი - 13:00 საათზე.



















