ოფიციალურად, ამ დროისთვის, ოლიმპიური ლიცენზია საქართველოს ძალოსანთა ნაკრების 3 წევრს აქვს. პარიზის XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე იასპარეზებენ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ ოფიციალური წერილი დღეს მიიღო.
ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრებმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 5 საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ოლიმპიური საგზურისთვის რეიტინგში 10 საუკეთესოს შორის უნდა მოხვედრილიყვნენ. ლაშა ტალახაძე აღნიშნული რეიტინგის ლიდერია, ირაკლი ჩხეიძე მე-9 ადგილზეა, ხოლო შოთა მიშველიძე მე-7 პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება საქართველოს ძალოსანთა ნაკრების კიდევ ერთ წევს, ანასტასია გოტფრიდს, მისი ლიცენზიის საკითხი ოლიმპიადის დაწყებამდე 2 კვირით ადრე გაირკვევა.
შეგახსენებთ, ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, (2016, 2020). ლაშა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.
XXXIII ოლიმპიური თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
80 დღე ოლიმპიურ თამაშებამდე - რას ველოდებით ქართველი მოკრივეებისგან?
"ოლიმპიადაზე ძალებს არ დავზოგავ და ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო", - ინტერვიუ ლუბა გოლოვინასთან



















