ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო კვირაში ნაპოლის ოფიციალურად დატოვებს. ფეხბურთელი პსჟ-ში გადასვლასთანაა ახლოს — მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს დღეებში მოაგვარებენ, რის შემდეგაც ფეხბურთელი პარიზში გაფრინდება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტარქტს ხელს მოაწერს. 23 წლის ვინგერისთვის 4.5-წლიანი კონტრაქტი და სოლიდური ხელფასი გამზადებულია. მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს.
ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციურ შემცვლელს უკვე ეძებს. განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ლილის კოსოვოელი შემტევი ედონ ჟეგროვა. ფრანგული კლუბის უდავო ლიდერი, რომელიც ბოლო წლებია ლიგა 1-ის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევია, ანტონიო კონტესთვის მისაღები კანდიდატურაა, თუმცა გუნდი სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.
დღეს იტალიური პრესა კიდევ ერთ ფეხბურთელზე ალაპარაკდა — როგორც ცნობილი ხდება, ნაპოლი ალეხანდრო გარნაჩოს აგენტს დაუკავშირდა, რა დროსაც მხარეებმა პოტენციური ტრანსფერის შესახებ ისაუბრეს. ანტონიო კონტეს ახალგაზრდა არგენტინელი ვინგერი ძალიან მოსწონს, აურელიო დე ლაურენტისი კი მის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებს. ამ მომენტისთვის უცნობია "წითელი ეშმაკები" რა თანხას მოითხოვენ 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ.
უახლოეს დღეებში ნაპოლის გარშემო უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. "პარტენოპეი" ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ მიღებული თანხით, სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს.