საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს.
დღეს ჩვენმა გუნდმა მიზნისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში საქართველო სტუმრად პორტუგალიას დაუპირიპირდა და 90:98 გაიმარჯვა.
ჩვენი გუნდიდან ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო 26 ქულით, სანდრო მამუკელაშვილმა 22, რატი ანდონიკაშვილმა კი 20 ქულა დააგროვა.
შეგახსენებთ, საქართველომ 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროს 101:74 მოუგო, პორტუგალიამ კი ჯგუფის ლიდერი ესპანეთი დაამარცხა(89:95).
ამ დოისთვის, საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-3 ადგილზეა.
მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მატჩებს ჩვენი გუნდი ნოემბერში გამართავს. 26 ნოემბერს საბერძნეთს სტუმრად ეთამაშება, 29 ნოემბერს კი პორტუგალიას უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ესპანეთისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა და მეორე ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ჯგუფიდან გასული 3 გუნდი გაერთიანდა მომდევნო, D ჯგუფიდან გასულებთან (მონტენეგრო, პორტუგალია, საბერძნეთი) და შეიქმნა ახალი, 6-გუნდიანი ჯგუფი. პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულები გუნდებს ახალ ჯგუფში გადაჰყვათ, შესაბამისად, ერთმანეთში ნათამაშები შედეგები უკვე დაფიქსირებულია. მომდევნო ეტაპზე 3 ფანჯრის ფარგლებში, ნაკრებები ახალ მეტოქეებთან 2-2 მატჩს გამართავენ. საქართველო საბერძნეთთან, მონტენეგროსთან და პორტუგალიასთან გასვლა-სახლის პრინციპით თამაშობს.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

















