ქართველი მოფარიკავის შესახებ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ვებგვერდი ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც სანდრო მის განვლილ გზაზე საუბრობს.
ქართველი მოფარიკავე აღნიშნავს, თუ როგორ დაეხმარა მას ოლიმპიური სოლიდარობის სასტიპენდიო პროგრამა გაჰყოლოდა ოჯახის კვალს ფარიკაობის სამყაროს მწვერვალზე ასვლისას:
”სპორტში ბევრი რამ არსებობს, რაშიც აუცილებელია დახმარება და შესაბამისი პირობები. ოლიმპიური სოლიდარობის სასტიპენდიო პროგრამის დახმარებით, მე გადმოვედი საფრანგეთში, სადაც კონკურენციის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში.
რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, მე და მამაჩემმა, რომელიც ჩემი მწვრთნელი იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება საფრანგეთში გადმოსვლის შესახებ. ამ პერიოდში მკვეთრად გაუმჯობესდა ჩემი შედეგები და რა თმა უნდა, განვითარების კარგ დონეს მივაღწიე. თითქმის 6 წელია საფრანგეთში ვარ, აქ ხალხი მიცნობს და მგულშემატკივრობს.
წლებია ვშრომობ, მინდა მთელ მსოფლიოს ვუჩვენო ვინ ვარ სინამდვილეში. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება, ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და ჩემი ქვეყნისთვის," - ამბობს სანდრო ბაზაძე.

„სამწუხაროა, რომ ტოკიოში მედლის გარეშე დავრჩი, ძალიან რთული იყო ჩემთვის, რადგან მზად ვიყავი მედლისთვის, თუმცა მას შემდეგ ძალიან გავიზარდე, მენტალურად გავძლიერდი, ბოლო 3 წლის განმავლობაში ბევრი გამარჯვება ვიზეიმე, ვიყავი რეიტინგის ლიდერი და ახლა მზად ვარ მედლის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს სანდრო ბაზაძე.
სტატიაში აღნიშნულია, სანდრო ბაზაძის ოჯახის ტრადიცია ფარიკაობისადმი, სანდროს მამა, მერაბ ბაზაძე ფარიკაობის მწვრთნელი იყო, შემდეგ ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სანდროს ძმა, ბექა ბაზაძე, ასევე, მოფარიკავეა და სწორედ მათგან შთაგონებულმა სანდრომ, როცა ფარიკაობას უყურებდა, გადაწყვიტა თავადაც დაეწყო ვარჯიში.
სანდრო ბაზაძე კარიერაში ზედიზედ მე-3 ოლიმპიადაზე იასპარეზებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აღნიშნავს, რომ სანდო მედლის რეალური კანდიდატია და ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
შეგახსენებთ, სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ვიცეჩემპიონი (2023), ევროპის ორგზის ჩემპიონი (2022, 2023) და ევროპის III თამაშების გამარჯვებულია (2023). სანდროს ანგარიშზე ჯამში 14 ოქროს, 4 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალია.











