მილან შკრინიარმა პსჟ-ში საკუთარ პრობლემებზე ღიად ისაუბრა. როგორც 29 წლის სლოვაკმა ცენტრალურმა მცველმა განაცხადა, ის უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროით რასაც ლუის ენრიკე მას აძლევს, შესაბამისად, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფეხბურთელი გუნდის გამოცვლას შეეცდება.
შკრინიარი პსჟ-ს ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს, ფეხბურთელმა კი ამ დროში სულ რაღაც 34 მატჩის ჩატარება მოასწრო. სლოვაკი ცენტრალური მცველი ფრანგულ გუნდში ინტერიდან, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
რაც შეეხება იუვენტუსს, "ბიანკონერის" ინტერესი რეალურია და იანვარში შკრინიარის დამატება მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება. იტალიური გრანდი ბრემერის შემცვლელს ეძებს — ბრაზილიელი ტრავმის გამო ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს, ტიაგო მოტას კი დაცვის ხაზის გაძლიერება სურს.
შკრინიარი პარიზული კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. სლოვაკის წლიური ხელფასი არც მეტი, არც ნაკლები €10 მილიონია. იუვენტუსი ფეხბურთელის დამატებას იჯარით განიხილავს, რაც პსჟ-ს აწყობს თუ არა, ჯერჯერობით არ ვიცით. როგორც ფრანგულ და იტალიურ პრესაში წერენ, მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.