ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრაში ქართველმა დამატებით დროში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აგაიანი დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მეხუთედ, გახდა თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული.
ლაშა შავდათუაშვილმა გამარჯვების შემდეგ, Lagazzetta.ge-სთან ისაუბრა:
“ბედნიერი ვარ, ძალიან კარგი დღე მქონდა. მიხარია, რომ გამარჯვება მოვახერხე. რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და როცა თბილისის გრანდ სლემი იმართება, ყოველთვის ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო, გავიმარჯვო და ამ მოგებით გაიხაროს ჩვენმა ერმა. ახალი ოლიმპიური ციკლის დასაწყისია, სპორტსმენებმა დაიწყეს მზადება ახალი ოლიმპიადისთვის, ოლიმპიურ თამაშებამდე კიდევ უამრავი შეჯიბრი გაიმართება.
- თქვენი მიზანი კიდევ ერთ ოლიმპიადაში მონაწილეობაა?
- რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, შევეცდები ვიასპარეზო ოლიმპიადაზე და გამარჯვებით დავასრულო, მაგრამ ჯერ დიდი დროა, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს.
შეგახსენებთ, თბილისის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი, ნინო ლოლაძემ (57 კგ) ბრინჯაო, თემურ ნოზაძემ (66 კგ) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.








