დორტმუნდის ბორუსიას ყოფილმა ნახევარმცველმა, სანდეი ოლისემ ოქროს ბურთის მოგების ხუთი კანდიდატი დაასახელა. ვეტერანი ნიგერიელი შუახაზელის სია ასეთია: ხვიჩა კვარაცხელია, რაფინია ბელოლი, უსმან დემბელე, ბუკაიო საკა და ლამინ იამალი.
"ოქროს ბურთის ხუთეული? კვარაცხელიას აქვს მოედნის ძალიან კარგი ხედვა, რაფინია ყველაფერს აკეთებს მარტივად, დემბელე და იამალი თამაშობენ იდეალურ ფეხბურთს, საკა კი ალბათ ყველაზე მოქნილი მოთამაშეა. ისინი ალამაზებენ ფეხბურთს, მათი თამაშის ყურება ნამდვილი სიამოვნება არის."
ოქროს ბურთის ჯილდოს გამოკვეთილი ფავორიტი ამ მომენტისთვის არ ჰყავს. ზამთარში ფავორიტად მოიაზრებოდა მოჰამედ სალაჰი, თუმცა ლივერპულის ევროთასებიდან გამოვარდნის შემდეგ, მისმა შანსებმა იკლო. შეგახსენებთ, რომ წუხელ, ჩემპიონთა ლიგას რაფინიასა და იამალის ბარსელონაც დაემშვიდობა.













