ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5 დღით ადრე, ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი ამ დრომდე არ შეურჩევია. განიხილებოდა ორი მთავარი კანდიდატურა,
ალეხანდრო გარნაჩო და
კარიმ ადეიემი, თუმცა გერმანელის ვარიანტი გამოირიცხა — ფეხბურთელმა ნაპოლის განუცხადა, რომ სეზონის ბოლომდე დორტმუნდში დარჩება. რაც შეეხება არგენტინელს, გუნდები სატრანსფერო თანხაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან, რასაც სხვა კლუბების აქტიურობაც ემატება.
ამასობაში გამოჩნდა ახალი ვარიანტი, კერძოდ ნოა ლანგი. "პარტენოპეისა" და პსვ-ს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, მეტიც, იტალიელებმა ფორმალური შეთავაზებაც კი გააკეთეს. 25 წლის ვინგერს კარიერის გაგრძელება ნაპოლიში სურს და ამის შესახებ უფროსობას უკვე განუცხადა.
ნოა ლანგი პსვ-ს ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს. ამ დროში ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა 45 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 11 გოლი და 10 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
ნაპოლი ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, ანტონიო კონტე კი იმედოვნებს, რომ 3 თებერვლამდე გუნდი ახალ შემტევს დაიმატებს.