შეთანხმება შედგა, იასინ ადლი მილანს დატოვებს და კარიერას ფიორენტინაში გააგრძელებს! 24 წლის ფეხბურთელი პაულო ფონსეკას გეგმებში არ შედიოდა და კლუბმა ფრანგი ფეხბურთელი ტრანსფერზე რამდენიმე კვირის წინ დააყენა. განიხილებოდა მარსელის, საუდისა და კატარის გუნდების ვარიანტი, თუმცა ბოლო საათებში ფიორენტინა გააქტიურდა და ტრანსფერიც დაიხურა.
ადლი მილანის ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავდა, რა დროშიც სულ რაღაც 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა. მისი ტრანსფერი "როსონერიში" შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელი აღმოჩდნა. ადლის პრობლემები სტეფანო პიოლისთანაც ჰქონდა და როგორც ჩანს, ფეხბურთელმა ვერც ფონსეკასთან გამონახა საერთო ენა.
ფრანგ ნახევარმცველს ფლორენციაში უახლოეს საათებში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. საუბარია €12-15 მილიონიან გარიგებაზე.