ოფიციალურად — რომის პროკურატურამ მოითხოვა ბრალდების წაყენება ნაპოლის მფლობელის აურელიო დე ლაურენტისისთვის! 75 წლის იტალიელ ბიზნესმენს ბრალი ედება ფინანსური აღრიცხვის გაყალბებაში, მათ შორის ვიქტორ ოსიმენისა და კოსტას მანოლასის გარიგებებში.
როგორც იტალიური პრესა იუწყება, "პარტენოპეის" მფლობელს ბრალი ედება ზემოთ ხსენებული ტრანსფერების დროს ფიქტიური კაპიტალის ნამატზე, რითაც დე ლაურენტისმა ფინანსური აღრიცხვა გააყალბა. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ ამ ორმა გარიგებამ გამოიმუშავა ფიქტიური კაპიტალის მოგება, რომლის ღირებულებაც ათეულობით მილიონს შეადგენს. პროკურორებმა ლორენცო დელ ჯუდიჩემ და ჯორჯო ორანომ ასევე მოითხოვეს აურელიო დე ლაურენტისის მარჯვენა ხელის, ანდრეა კიაველის გასამართლებაც.
ამ ბრალდებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ნაპოლიზე სპორტული თვალსაზრისითაც. მას შემდეგ, რაც პროკურორები შეაგროვებენ საჭირო დოკუმენტებს, მაშინ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასაც შეეძლება საქმეში ჩართვა და საჭიროების შემთხვევაში, კლუბს დაუწესდება სანქციები და ჯარიმები.