დანიელე დე როსის მოსვლის შემდეგ, რომა ახლებურად ათამაშდა. გუნდმა მოიგო ექვსიდან ხუთი შეხვედრა და ევროპა ლიგის მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა. "ჯალოროსის" გარდასახვის მიუხედავად, რომელუ ლუკაკუს კრიზისი გრძელდება. უკანაკსნელ 10 მატჩში მან მხოლოდ ორი ბურთის გატანა მოახერხა.
ბელგიელი თავდამსხმელის მიზანია ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომა და საამისოდ ის დამატებით ვარჯიშებზეც რჩება. მისი სურვილი "მგლების" რიგებში დარჩენას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის ჩელსის საკუთრებაში მყოფი ფორვარდის საიჯარო ხელშეკრულება არ ითვალისწინებს აუცილებელ გამოსყიდვას, ტრანსფერის იმედი მას მაინც აქვს.
"არისტოკრატები" 30-წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ ითხოვენ 40 მილიონ ევროს, მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. შეგახსენებთ, "ლურჯებში" წარუმატებელი დაბრუნების შემდეგ, ბელგიის ნაკრების 9-იანმა თავიდან მიაშურა მილანის ინტერს, წელს კი მან ოლიმპიკოზე თამაში აირჩია.