დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფის მატჩს პორტუგალიასთან გამართავს.
ჩვენმა გუნდმა 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროს 101:74 მოუგო, ახლა კი პორტუგალიას სტუმრად ეთამაშება.
საქართველოს ნაკრებმა გუშინ პორტუში, მატოსინოსის დარბაზში ივარჯიშა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი გაიმართება.
ალექსანდარ ჯიკიჩმა ვარჯიშზე აქცენტი მთლიანად კომბინაციებსა და სათამაშო დეტალების დამუშავებაზე გააკეთა.
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში 14 მოთამაშით იმყოფება. ბექა ბურჯანაძე ტრავმირებულია და თბილისში დარჩა, ხოლო პორტუგალიაში მყოფი ვილი ისიანი და გიორგი კობახიძე, წინა მატჩის მსგავსად, 12-კაციანი განაცხადის მიღმა დარჩნენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა 28 აგვისტოს მონტენეგროსთან დამაჯერებელი, ხარისხიანი თამაში აჩვენა. ჩვენმა გუნდმა 27-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა და შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა. საქართველოს ნაკრებმა მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ 3 ბურთი დაკარგა, რაც, სავარაუდოდ, ისტორიული მაჩვენებელია ჩვენი ნაკრებისთვის (ოფიციალური სტატისტიკა არ მოიპოვება).
შედეგიანობით საქართველოს ნაკრების ლიდერები გამოირჩნენ:
გოგა ბითაძე: 23 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება (მატჩის ყველაზე ეფექტური მოთამაშე);
თორნიკე შენგელია: 24 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა;
სანდრო მამუკელაშვილი: 17 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა.
აღსანიშნავია, რომ მონტენეგრომ პირველ ეტაპზე B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
პორტუგალიის ნაკრები:
პორტუგალიის ნაკრები დღევანდელ მატჩს ამაღლებულ განწყობაზე ხვდება, რადგან წინა შეხვედრა ესპანეთს მოუგეს (89:95).
პორტუგალიის ნაკრების ლიდერია ნეემიას კუეტა (NBA - ბოსტონ სელტიქსი), რომელმაც ესპანეთთან 16 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.
რაც შეეხება სატურნირო ცხრილს ამ დროისთვის, პორტუგალიაას და საქართველოს თანაბარი 11-11 ქულა აქვთ. პირველ ადგილზე ესპანეთია.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ესპანეთისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა და მეორე ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ჯგუფიდან გასული 3 გუნდი გაერთიანდა მომდევნო, D ჯგუფიდან გასულებთან (მონტენეგრო, პორტუგალია, საბერძნეთი) და შეიქმნა ახალი, 6-გუნდიანი ჯგუფი. პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულები გუნდებს ახალ ჯგუფში გადაჰყვებათ, შესაბამისად, ერთმანეთში ნათამაშები შედეგები უკვე დაფიქსირებულია. მომდევნო 6 თვის განმავლობაში, 3 ფანჯრის ფარგლებში, ნაკრებები ახალ მეტოქეებთან 2-2 მატჩს გამართავენ. საქართველოს მოუწევს საბერძნეთთან, მონტენეგროსთან და პორტუგალიასთან გასვლა-სახლის პრინციპით შეხვედრები.
პორტუგალია - საქართველოს მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

















