დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ძირითადი რაუნდის დასკვნითი მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა, ჯგუფის ლიდერს, დაუმარცხებელ საფრანგეთს უმასპინძლა და ფრედ, 3 -3 ითამაშა.
მატჩის შესახებ, საქართველო ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა ისაუბრა:
"4 ბურთით საფრანგეთის დამარცხება ძალიან რთული იქნებოდა, ამას ემატებოდა ყვითელი ბარათების თავიდან აცილება, რადგან პლეი-ოფში გადადიოდა. არ მინდოდა სექტემბრისთვის რომელიმე მოთამაშე გამოგვკლებოდა. ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა გმირობა ჩაიდინა, გამოჩნდა, რომ ტოპ გუნდებთან თამაში შეგვიძლია. ვფიქრობ, თანაბარი მატჩი იყო, ბოლო წუთებზე მოგებაც შეგვეძლო. მადლობა ჩვენ გუნდასა და გულშემატკივარებს, საოცარი ქომაგობის ძალა მოდიოდა ტრიბუნებიდან. თუ ყველა ერთად ვიქნებით, ძლიერები ვიქნებით, თუ არა ძალიან გაგვიჭირდება.
დაველოდოთ, მაისში გაირკვევა ჩვენი მეტოქე და იმედია, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ. ჩვენ გეგმის მიხედვით მივდივართ, ვფქირობ, კარგად გავართვით თავი. ფეხბურთის ფედერაციამ ყველა საჭირო პირობა შეგვიქმნა, რუმინეთთან ამხანაგური მატჩი ძალიან გამოგვადგა, იქ დავხვეწეთ ელემენტები, რაც კოსოვოსთან და საფრანგეთთან თამაშში დაგვეხმარა"
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჩვენი გუნდის მეტოქის ვინაობა 21 მაისს წილისყრის შემდეგ გაირკვევა.
პლე-ოფის მატჩები სექტემბერში გაიმართება, ორი შეხვედრის შედეგის გათვალისწინებით, გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია








