დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ძირითადი რაუნდის დასკვნით მატჩი გამართა.
ჩვენმა გუნდმა ჯგუფის ლიდერს, დაუმარცხებელ საფრანგეთს უმასპინძლა და ფრედ, 3 -3 ითამაშა.
ანგარიში პირველ ტაიმში ვახტანგ ჯვარაშვილმა გახსნა, რამდენიმე წუთში უპირატესობა ლევან სვანიძემ გაზარდა. პირველი ნახევრის მიწურულს ფრანგებმა ანდრადის გოლით სხვაობა შეამცირეს, 2-1.
მეორე ტაიმში მოჰამედმა წონასწორობა აღადგინა. სტუმრები ლუტენმა დააწინაურა, თუმცა ცოტახნით, ანგარიში არჩილ სებისკვერაძემ გაათანაბრა 3-3. შეხვედრის მიწურულს სებისკვერაძემ პენალტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ მატჩი 3-3 დასრულდა.
საქართველოსთან და საფრანგეთთან ერთად ჯგუფში კოსოვო და ბულგარეთი ასპარეზობდნენ. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მხოლოდ ერთი მატჩი წააგო საფრანგეთთან სტუმრად (5-2). საფრანგეთს აქამდე ჯგიფში ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდა. მე-10 ჯგუფში პირველი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, მეორე კი საქართველომ.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის უფლება 11 აპრილს, კოსოვოსთან გამარჯვებით მოიპოვა.
ჩვენი გუნდის მეტოქის ვინაობა 21 მაისს წილისყრის შემდეგ გაირკვევა.
პლე-ოფის მატჩები სექტემბერში გაიმართება, ორი შეხვედრის შედეგის გათვალისწინებით, გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია








