საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ათენში 32 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომლებიც სპორტის 10 სახეობაში იღებდნენ მონაწილეობას — გახსნით ცერემონიაზე კი მედროშედ ძიუდოისტი, ზურაბ ზვიადაური იყო არჩეული.
საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი 14 აგვისტოს სწორედ ძიუდოში აიღო. 60 კგ. წონითი კატეგორიის წინასწარ ორთაბრძოლებში დაუმარცხებლად იასპარეზა ნესტორ ხერგიანმა და ფინალში გავიდა. ოქროსთვის ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონს, ტადაჰირო ნომურას შეხვდა, რომელთანაც ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
4 დღის შემდეგ, ასპარეზობაში საქართველოს ნაკრების მედროშე, ზურაბ ზვიადაური ჩაერთო, რომელსაც საკმაოდ რთული ბადის გავლა მოუწია. ქართველმა ფალავანმა პირველ ეტაპზე იტალიელი ევროპის ჩემპიონი, ფრანჩესკო ლეპრე იპონით დაამარცხა, ხოლო შემდეგ, ასევე იპონით, მოუგო რუს ხასანბი ტაოვს. 1/4 ფინალში ზვიადაურმა ფრანგ მსოფლიო ჩემპიონს, ფრედერიკ დემოფოკუს აჯობა დამატებით დროში, 1/2 ფინალში კი ბრიტანელი უინსტონ გორდონი დაამარცხა და ფინალში გავიდა.
90 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ზურაბ ზვიადაური იაპონელ ჰიროში იზუმის დაუპირისპირდა. ფინალური ორთაბრძოლა ქართველი ძიუდოისტის უპირატესობით წარიმართა, 3 წუთსა და 2 წამში ზვიადაურმა მეტოქე იპონით დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ზურაბ ზვიადაური ტრიუმფიდან ზუსტად 3 დღეში, ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნი კიდევ ერთხელ აჟღერდა. სიდნეის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა, გიორგი ასანიძემ ათენში დამაჯერებლად იასპარეზა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ძალოსნობის 85 კგ. წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში 382,5 კგ. დააფიქსირა და მეორეადგილოსან ანდრე რიბაკოვს 2,5 კგ-ით აჯობა. მესამე ადგილი კი ლეგენდარულმა ბერძენმა ძალოსანმა, 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა პიროს დიმასმა დაიკავა.

საქართველოს ნაკრებს ათენის ოლიმპიადაზე ბოლო მედალი 26 აგვისტოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, რამაზ ნოზაძემ მოუპოვა — ქართველი მოჭიდავე ფინალამდე დაუმარცხებლად მივიდა, თუმცა, ოქროსთვის ბრძოლაში ეგვიპტელ კარამ გაბერთან წააგო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ათენის 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით, საერთო ჩათვლაში 32-ე ადგილი დაიკავა.









