13 წლის შემდეგ, ალექსის სანჩესი იქ დაბრუნდა, სადაც ევროპული ფეხბურთის გულშემატკივარმა მისი შესაძლებლობების შესახებ გაიგო — 35 წლის ჩილელი ფორვარდი კარიერას უდინეზეში გააგრძელებს. მხარეებს შორის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ფეხბურთელი უკვე იტალიაში იმყოფება და გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება.
სანჩესი უდინეზეს ღირსებას 2006-2011 წლების განმავლობაში იცავდა, რა დროშიც ფეხბურთელმა 112 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 21 გოლი და 20 საგოლე გადაცემითაც მოამარაგა გუნდელები. სანჩესი-დი ნატალეს დუეტი, იტალიას დიდი ხნის განმავლობაში აზანზარებდა და ახალგაზრდა ჩილელის შესახებ წლების განმავლობაში საუბრობდნენ. შემდეგ იყო ტრანსფერი ბარსელონაში, სადაც ფეხბურთელმა საკუთარი კარიერის ახალი ფურცლის დაწერა დაიწყო.
ჩილელმა ფეხბურთელმა 2023/24 სეზონის დასრულების შემდეგ ინტერი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. განიხილებოდა სამშობლოში დაბრუნებაც, თუმცა სანჩესმა უდინეზეს შემოთავაზებაზე უარი ფიზიკურად ვერ თქვა.