მილანის მფლობელმა ჯერი კარდინალემ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"კმაყოფილი ვარ თუ არა მიმდინარე სეზონის შედეგებით? არასდროს ვარ კმაყოფილი. ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვარ, როდესაც მატჩს ვიგებთ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. მკითხეთ, კმაყოფილი ვიქნები თუ არა მაშინ, როდესაც სკუდეტოს მოვიგებთ. ახლა ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს და ბოლო პერიოდში ტრავმებიც იყო, რამაც გამაბრაზა. წინ ბევრი საქმეა და არ გავჩერდები, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევთ. გუნდს გაძლიერება უნდა გავაგრძელოთ, რადგან ზაფხულში ყველაფრის გაკეთება ვერ მოვახერხე, რაც მინდოდა. მილანის აღდგენის პროცესში ვართ. მომწონს როგორც ახალი ფეხბურთელები, ისე ისინი, ვინც გუნდში დარჩნენ, ასევე ის გადაწყვეტილებებიც, რომლებიც გარკვეულ მოთამაშეებთან დაკავშირებით მივიღეთ. თუმცა, სავარაუდოდ, კიდევ ორი სატრანსფერო ფანჯარა დაგვჭირდება იმისთვის, რომ ყველაფერი ბოლომდე დავასრულოთ.
ამ პროცესის მხოლოდ მეოთხედზე ვართ და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ისეთი გუნდის ჩამოყალიბებაა, რომელიც ტრავმებს გაუმკლავდება. თუ ევროპულ ტურნირებზე ასპარეზობ და ამორიმის ფეხბურთს თამაშობ, რომელიც ძალიან მაღალი ინტენსივობითა და სწრაფი ტემპით გამოირჩევა, ფეხბურთელების როტაცია აუცილებელია. ჩვენს მოთამაშეებს თითოეულ მატჩში 9-დან 11 კილომეტრამდე გარბენა უწევთ. სწორედ ამიტომ, იანვარში სატრანსფერო ბაზარზე კვლავ აქტიურები ვიქნებით, შესაძლებლობებს გამოვიყენებთ და სათადარიგოთა სკამის გაძლიერებას გავაგრძელებთ.

ჩემი მიდგომა გადაწყვეტილებების სწრაფად და გადამწყვეტად მიღებაა. ჩემთვის მთავარია, მივიღოთ ის, რაც გვჭირდება, ფეხბურთელები, რომლებიც მილანის ღირსნი არიან. ფულს უაზროდ არ დავხარჯავ, თუმცა როდესაც კონკრეტული მოთამაშის დამატებას გადავწყვეტ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიზანს მივაღწიო. მარკუს კრიოშესთან დაკავშირებით ჯერ რაიმე განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ და არც მეჩქარება. სპორტული მიმართულების ხელმძღვანელის დანიშვნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იმ ცვლილებების შემდეგ, რომლებიც ზაფხულში განვახორციელე. მაშინ ყველა თანამშრომელი გავუშვი და კლუბის მართვა პირადად საკუთარ თავზე ავიღე.
კრიოშესთან და ფეხბურთში სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთანაც ვსაუბრობ. სეზონი მაისში სრულდება, სატრანსფერო ფანჯარა კი ივნისში იხსნება, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ. ამჟამად კლუბს პირადად ვმართავ და ეს პროცესი მომწონს, თუმცა ასე სამუდამოდ ვერ გავაგრძელებ, რადგან სხვა სამსახურიც მაქვს. გარდა ამისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში ჩემზე გაცილებით კომპეტენტურები არიან. თუმცა მაისში მილანის თავიდან აშენება იყო საჭირო და ამის გაკეთება მხოლოდ ჩემნაირ ადამიანს შეეძლო.

საბოლოოდ, ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელს აუცილებლად დავნიშნავთ, თუმცა ის გაცილებით უფრო რთული ორგანიზაციული სტრუქტურის მხოლოდ ერთი ნაწილი იქნება და ჩემთან ერთად მოუწევს მუშაობა. ყველაფერს ერთად გავაკეთებთ, რადგან აღარასდროს გადავაბარებ კლუბის მართვის სადავეებს მთლიანად სპორტულ დირექტორს ან ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელს.
კმაყოფილი ვარ თუ არა რუბენ ამორიმით? დიახ, მას სრულად ვენდობი. ჩემი საყვარელი ფილმის, "ტოპ განის“ დასასრულს ტომ კრუზის პერსონაჟი შესანიშნავ ფრაზას ამბობს: "მე არასდროს მივატოვებ ჩემს თანამებრძოლს (wingman)“. მეც არასდროს მივატოვებ რუბენს. მას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. მის გვერდით ვიქნები და იმ შეცდომებს აღარ გავიმეორებ, რომლებიც ბოლო წლებში დავუშვით. ის ჩვენი მწვრთნელია და ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, სანამ მომდევნო ნაბიჯის გადადგმას არ შევძლებთ. მუდმივად მწვრთნელების შეცვლით გამარჯვება შეუძლებელია.
ამორიმის არჩევანი პირადად მე გავაკეთე. შეცდომა რომ დამეშვა, ამას ვაღიარებდი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ შევცდი. მან მანჩესტერ იუნაიტედში მომხდარისგან ბევრი რამ ისწავლა. სწორედ ამიტომ მოვიყვანე მილანში. მან ჩემთან ღიად ისაუბრა იმ შეცდომებზე, რომლებიც ინგლისში მუშაობის დროს დაუშვა. რუბენს სწორი ღირებულებები აქვს, ლიდერია, კარგი მენეჯერი და კარგად მომზადებული მწვრთნელია. მილანელოზე ახლა სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა, ვიდრე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო და ამის დამსახურება სწორედ მას ეკუთვნის.
ის ჯერ კიდევ ბევრ რამეს სწავლობს. გუნდმა უნდა იპოვოს ურთიერთშეთამაშება და ისწავლოს ფეხბურთელების სწორად როტაცია ისე, რომ გოლების გატანა და მატჩების მოგება არ შეწყვიტოს. ჩემთვის ფრე მარცხის ტოლფასია. ერთი ქულა ფეხბურთის თამაშის მიზანი არ არის, მიზანი სამი ქულის მოპოვებაა. მხოლოდ გამარჯვებებით შეგვიძლია სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ გუნდებთან ჩამორჩენის შემცირება.

ყოველი მატჩის წინ, ბოლო დღეებში, ამორიმს ვურეკავ და ვეკითხები: "როგორ შემიძლია დაგეხმარო? რა გჭირდება?" ის კი მამშვიდებს და მეუბნება: "ყველაფერი კონტროლქვეშ მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება." მან იცის, რომ მის გვერდით ვარ, თუმცა ისიც კარგად ესმის, როგორ უნდა შეასრულოს საკუთარი სამუშაო. არ სჭირდება, მუდმივად თავს ვადგებოდე და ვაკონტროლებდე. მას ყველაფერი კონტროლქვეშ აქვს. ამორიმი ნამდვილი პროფესიონალია, რომელმაც იცის, როგორ გამოავლინოს ადამიანების საუკეთესო თვისებები.
ის ფეხბურთელებს კარგად მართავს და გუნდსაც ეფექტურად წვრთნის. არ მგონია, რომ ეს წინა წლებში ხდებოდა. რამდენიმე თვის წინ, როდესაც იბრამ მკითხა: "რას წარმოადგენს მილანი?“ - თითქოს რაღაც ახალი გავიაზრე. მას შემდეგ ამ სიტყვებზე პრაქტიკულად ყოველდღე ვფიქრობ და ისინი ყველაფერზე ახდენს გავლენას, რასაც ვაკეთებთ. მომწონს ეს გუნდი, სადაც ყველა ერთმანეთს მხარში უდგას და გასახდელში ძალაუფლებისთვის ბრძოლა არ მიმდინარეობს. თითოეული ფეხბურთელი გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებს. ამის გასაგებად საკმარისია, მათ თვალებში ჩახედოთ.
წინა წლებში ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს: რატომ ვარ ყველაზე გაბრაზებული ადამიანი, როდესაც გუნდი ვერ იგებს? ახლა ასე აღარ არის. როდესაც გამარჯვებას ვერ ვახერხებთ, ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრებიც ისეთივე იმედგაცრუებულები არიან, როგორც მე.“











