ლეგენდარულმა ზინედინ ზიდანმა თავისი ოცნების გუნდი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს ის თამაშობდა მადრიდის რეალში, ტურინის იუვენტუსში, ბორდოსა და კაენში. ყოფილ ფრანგ გამთამაშებელს გული წყდება, რომ მისმა კარიერამ მარსელის ოლიმპიკში თამაშის გარეშე ჩაიარა.
"ყოველთვის მინდოდა მარსელში თამაში, თუმცა სამწუხაროდ, ეს ოცნება აუხდენელი დარჩა. როდესაც იმყოფები ამ გუნდის ბაზაზე, უკვე აცნობიერებ, თუ როგორი დიდი კლუბია ოლიმპიკი", - განაცხადა "სამეფო კლუბის" ყოფილმა გამთამაშებელმა, რომელიც სწორედ მარსელში დაიბადა.
აქვე დავამატებთ, რომ 52 წლის მწვრთნელს ჰქონდა პარის სენ-ჟერმენში მუშაობის შესაძლებლობა, თუმცა მან აღნიშნული წინადადება უარით გაისტუმრა. ამის მიზეზი არის არსებული მტრობა პსჟ-სა და სამხრეთელებს შორის.