გიორგი ჩაკვეტაძისთვის სეზონი დასრულებულია. ფეხბურთელს კვლავ აწუხებს საზარდულის პრობლემა, რის გამოც ის ჩემპიონშიფის დარჩენილ შეხვედრებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ:
"ჩაკვეტაძეს ისევ საზარდულის პრობლემა აქვს. ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის მომავალი ზაფხული, შესაბამისად, ამჯერადაც არ ვაპირებთ გიორგის რისკის ქვეშ დაყენებას", - განაცხადა ინგლისელმა თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი ნახევარმცველი მოედანზე უკანასკნელად 26 მარტს გამოვიდა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა და ევრო 2024-ზე თამაშის უფლება მოიპოვა. იმ მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრების გამთამაშებელი "ყვითლებში" დაბრუნდა, მაგრამ მოედანზე გასვლა ვერ მოახერხა.