სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა ლივერპული-პარი სენ-ჟერმენის საოცარი მატჩი, სადაც მძიმე ბრძოლაში გამარჯვება პარიზულ გუნდს დარჩა. ლუის ენრიკეს ბიჭებმა პენალტების სერიაში მერსისაიდელებს აჯობეს და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა მოახერხეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლივერპულის კაპიტანი ვირჯილ ვან დაიკი პსჟ-ს მფლობელს, ნასერ ალ-ხელაიფისა და გუნდის სპორტულ დირექტორს, ლუიშ კამპუშს შეხვდა. მხარეებს შორის საუბარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რაც რა თქმა უნდა ფრანგული და ინგლისური პრესის სალაპარაკო თემად იქცა. ბევრი წყაროს ინფორმაციით, პსჟ ვირჯილ ვან დაიკის დამატებაზე ფიქრობს, თუმცა გავლენიანი გამოცემები ამაზე ჯერ არაფერს ამბობენ.
ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროების თქმით, მხარეებმა უბრალოდ მატჩი მიმოიხილეს, რა დროსაც ვან დაიკმა პსჟ შეაქო და აღიარა, რომ დღევანდელი მისი მეტოქე იყო საუკეთესო გუნდი, რომელსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში შეხვდა.
რა სიტუაციაა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით?
"არ ვიცი, რა მოხდება შემდეგ სეზონში. თუ ვინმე იტყვის, რომ იცის, ის იტყუება, რადგან გარკვეული არაფერია. ახალი კონტრაქტი? სიახლე არ მაქვს. არც წინსვლაა და არც რაიმე შეჩერებულა. თუ რამე სიახლე იქნება, ამას ყველა გაიგებთ.
მე თვითონაც არ ვიცი რა მოხდება მომავალში", - განაცხადა ვირჯილ ვან დაიკმა.
შეგახსენებთ, ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. ლივერპული და 33 წლის ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებაზე ერთ წელზე მეტია, რაც მუშაობენ, თუმცა მხარეები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.