სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში, 17 წლის ვახტანგ ლოლუამ (55 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გამარჯვების შემდეგ ახალგაზრდა მოჭიდავემ კომენტარი გააკეთა:
"სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ სიხარულს, ვერ გავიაზრე რომ მედალი მოვიპოვე. 17 წლის ვარ და პირველად მივიღე მონაწილეობა უფროსებს შორის ევროპის ჩემპიონატზე, ვეცდები შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოვუტანო ჩვენს ქვეყანას. მადლობა მწვრთნელებს, ექიმებსა და გულშემატკივრებს.
ამ გამარჯვებას ვუძღვნი ჩემს გარდაცვლილ მეგობარს, ნუგზარ წურწუმიას, მე მის წონაში ვასპარეზობ და ყველაფერს ვიზამ, რომ მისი სული გავახარო."
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გასული წლის ივლისში 27 წლისა, გრდაიცვალა.
ნუგზარ წურწუმიას მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედლის გარდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული, გარდა ამისა, ის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოსმედალოსანია.
დღეს საქართველოს დელეგაციას ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს, ჩემპიონობისთვის რამაზ ზოიძე (77 კგ) იჭიდავებს.








