პრემიერ ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონშიპის 5 ფეხბურთელი გამოყო, რომლებიც უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მზად არიან. აღნიშნულ სიაში უოტფორდის ქართველი შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა.
"როდესაც ჩაკვეტაძე ბურთს იღებს, უოტფორდის ფანები აღფრთოვანებულები არიან — 25 წლის ქართველი საოცარი დრიბლინგებით გვერდს უვლის მცველებს და ყოველთვის ახერხებს მომენტების შექმნას. ის უფრო შემქმნელია, ვიდრე ბომბარდირი და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჩემპიონშიპში ყველაზე მეტი, 57 საგოლე მომენტი აქვს შექმნილი. შემტევი ნახევარმცველი ძირითადად მარცხენა ფლანგზე მოქმედებს ათიანი როლში და 45 საკვანძო პასით დივიზიონში საუკეთესოა."
"ყურადღების ღირსია ჩაკვეტაძის უნარი, მაღალ დონეზე შეასრულოს სტანდარტულები და გასაკვირია, რომ მილოულის კარში საოცარი გოლის შემდეგ, ჯარიმიდან აღარ გაუტანია. ინდივიდუალიზმის გარდა, ის გუნდური მოთამაშეა და მეტოქეს აქტიურად აპრესინგებს — ჩემპიონშიპში მხოლოდ სამი ფეხბურთელია, რომელიც ჩაკვეტაძეზე უფრო ხშირად ახერხებს მოედნის ბოლო მესამედში ბურთის მოპოვებას."
"ჩაკვეტაძის უნარი, რომ საოცარი მომენტები შექმნას მას განსაკუთრებულ ტალანტად აქცევს და გასაკვირი არ არის, რომ მისით პრემიერ ლიგის გუნდები დაინტერესდნენ. ტალანტიდან და უნარებიდან გამომდინარე ის მზად არის უმაღლეს დონეზე სათამაშოდ" — ნათქვამია პრემიერ ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ინგლისის ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონში, გიორგი ჩაკვეტაძემ უოტფორდის მაისური 24 შეხვედრაში მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გაიფორმა.