ლა ლიგის 27-ე ტურის ფარგლებში, ბარსელონა ესტუმრა ბილბაოს ატლეტიკს, რომელთანაც უგოლო ფრე ითამაშა. ორი ქულის დაკარგვაზე მეტად, კატალონიელებისთვის სამწუხაროა ის, რომ მატჩის პირველ ტაიმში ფრენკი დე იონგმა და პედრი გონსალესმა დაზიანება მიიღეს. ორივე მათგანმა მოედანი ნაადრევად დატოვა.
ნიდერლანდელი და ესპანელი ნახევარმცველების ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ბასკებთან ნათამაშები ფრეს შემდეგ კი "ბლაუგრანა" 58 ქულას აგროვებს და მე-3 პოზიციაზე რჩება. ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერთან, მადრიდის რეალთან ჩამორჩენა, ამ დროისთვის, 7 ქულას შეადგენს. "ლურჯ-ბროწეულისფრების" შემდეგი მეტოქე მალიორკა იქნება, მატჩი 8 მარტს გაიმართება.