3 აგვისტოს, ჩვენი დროით 20:00 საათიდან დაიწყება UFC-ის მორიგი ივენთი, რომელიც აბუ-დაბიში ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს გურამ ქუთათელაძე, რომლის მეტოქე ჯორდან ვუჩენიკი იქნება. როგორც გვახსოვს, მისი მოწინააღმდეგე უნდა ყოფილი აბდულ-კარიმ ალ სელვადი, მაგრამ ის ბრძოლას ჩაეხსნა.
ქართველი მებრძოლი უპირისპირდება UFC-ის დებიუტანტს, რომელიც აქამდე Cage Warriors-ის ჩემპიონი იყო. საუბარია ორგანიზაციის შესახებ, რომლის წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი, მაიკლ ბისპინგი, დენ ჰარდი, თენგიზ თედორაძე და სხვები. განვიხილოთ, თუ რა გველის ან რას ჯუნდა ველოდოთ ბრძოლაში.

ქუთათელაძის განვლილი გზა
ქართველი მებრძოლი უკვე ოთხი წელია, რაც UFC-ში გამოდის, თუმცა გარკვეული მიზეზებისა და სირთულეების გამო, ტოპ 15-ში შესვლა ვერ მოახერხა. ინგლისელთან მოგების შემთხვევაში, გურამი თავის მიზანს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება. ბრძოლისთვის ყველაფერი მზად არის, წონაც ჩაბარებულია.
ოთხი წელი დიდი დროა, თუმცა "ვიკინგმა" UFC-ში ამ პერიოდში მხოლოდ სამი ბრძოლის ჩატარება მოასწრო. როგორც გვახსოვს, ყველაფერი 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც 32 წლის მებრძოლმა მატეუშ გამროტს მოუგო. შემდეგ კი იყო 2 წაგება: დამირ ისმაგულოვსა და ელვის ბრენერთან. ქუთათელაძეს ბევრად მეტი შეეძლო, რომ არა ტრავმები.
"ეპიდემიკთან" ბრძოლისთვის ქართველი მწყობრშია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, დღეს, მის რეალურ ძალას ვიხილავთ. თავად მებრძოლიც ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ თავის 28 წლის მეტოქეს კლასით აღემატება. ადვილი გზა არ არსებობს - ასეთია გურამის ბედისწერა.
რა ვიცით ქუთათელაძის მეტოქის შესახებ?
როგორც აღვნიშნეთ, ქართველი მებრძოლი ხვდება UFC-ის დებიუტანტსა და Cage Warriors-ის ყოფილ ჩემპიონს. ვუჩენიკი თავისი საბრძოლო სტილით უნივერსალურია, ის არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ერთ კონკრეტულ სახეობაზე. ინგლისელის არსენალშია სტრაიკინგი, გრეპლინგი და ჯიუ-ჯიტსუ.
ჯორდანის ანგარიშზეა 13 გამარჯვება და 2 მარცხი. ყველაზე წარმატებული სერია მას 2019 წლის აპრილიდან 2022 წლის მარტამდე ჰქონდა, როდესაც "ეპიდემიკმა" ზედიზედ 7 ბრძოლა მოიგო. შემდეგ იყო 1 წაგება და ისევ მოგებათა სერია, ამჯერად ზედიზედ 4 ბრძოლა. თავად გურამს კი 16-ბრძოლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს.
"ვიკინგმა" გამარჯვება 12 ბრძოლაში მოიპოვა, 4-ჯერ კი ის დამარცხდა. სტატისტიკის მხრივ, ყველაზე წარმატებული სერია მას 2015 წლის ივნისიდან 2020 წლის ოქტომბრამდე ჰქონდა, როდესაც 32 წლის მებრძოლმა ზედიზედ 9 ბრძოლა მოიგო. როგორც ვხედავთ, გამოცდილებით ის ვუჩენიკს მნიშვნელოვნად აღემატება.
შანსები
დიახ, გამოცდილება ნამდვილად არის ქუთათელაძის მხარეს, ასევე კლასი და შესაძლებლობები. ის ინგლისელ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირებს უმაღლესი დონის სტრაიკინგსა და ჭიდაობას, როგორც ეს გურამს სჩვევია. ჯორდანის განვლილი გზა ნამდვილად დასაფასებელია და ის რთული მეტოქეც არის, მაგრამ ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ფავორიტი ქართველია.
