დასრულდა UFC-ის 309-ე ღონისძიება, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო ორი ხუთრაუნდიანი ბრძოლა: ჯონ ჯონსი - სტიპე მიოჩიჩი და ჩარლზ ოლივეირა - მაიკლ ჩენდლერი. განვიხილოთ ორივე.
ოლივეირა - ჩენდლერი
ხაბიბ ნურმაგომედოვის კარიერის დასრულების შემდეგ, ვაკანტურად დარჩენილი მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა ოლივეირამ, რომელმაც სატიტულო ბრძოლა ჩენდლერს მოუგო. ეს ყველაფერი 2021 წლის გაზაფხულზე ხდებოდა. ბრაზილიელმა ჩემპიონმა მოგვიანებით დასტინ პორიე და ჯასტინ გეიჯიც დაამარცხა.
ჩარლზს ტიტული წაართვა ისლამ მახაჩევმა, რომელიც დღეს მსუბუქ დივიზიონში უბრალოდ ხელშეუხებელია. სანამ ამ უკანასკნელს უწინასწარმეტყველებენ ილია თოფურიასთან ჩხუბს, "დო ბრონქსი" დაბრუნდა იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო: Bellator-ის ყოფილ ამერიკელ ჩემპიონთან, რომელსაც მან მეორეთაც მოუგო.
35 წლის ყოფილი ჩემპიონისა და მაიკის ბრძოლა გაგრძელდა ხუთივე რაუნდი, რის შემდეგაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვება სწორედ პირველმა მოიპოვა. ცნობისთვის, ოლივეირამ თავის ხანგრძლივ კარიერაში 35-ე ჩხუბი მოიგო.
ჯონსი - მიოჩიჩი
ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი და ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანი - ასეთი აფიშა ჰქონდა აღნიშნულ ბრძოლას. ქვემძიმე დივიზიონში ისტორიის დაწერის შემდეგ, ჯონსმა გადაინაცვლა ერთი წონით მაღლა, სადაც ასევე მოიპოვა საჩემპიონო ქამარი. ლეგენდარულმა მებრძოლმა სირილ განს მოუგო.
ამერიკელი ჩემპიონის გარშემო წლების განმავლობაში იყო ბევრი მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის წინააღმდეგ უნდა დაეცვა მას მძიმეწონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი. MMA-ს მოყვარულთათვის საოცნებო ვარიანტად რჩებოდა ჯონისა და ფრანსის ნგანუს ჩხუბი, მაგრამ ეს გარკვეული მიზეზების გამო შეუძლებელი აღმოჩნდა.
სანამ შერეული საბრძოლო ხელოვნებების სამყარო იყო "ბოუნსის" მოლოდინში, ტომ ასპინალმა და სერგეი პავლოვიჩმა ერთმანეთში დროებითი ჩემპიონობა გაითამაშეს. ინგლისელმა მებრძოლმა მოუგო თავის რუს მეტოქეს, მაგრამ 2 დივიზიონის 37 წლის ჩემპიონი მასთან ჩხუბს არ ჩქარობდა. საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ჯონსს მეტოქედ მიოჩიჩი ერგო.
წარმოშობით ხორვატი მებრძოლი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა მძიმეწონითი დივიზიონის ჩემპიონობას, კარიერის ბოლოსკენ კი ქამარი მას ნგანუმ წაართვა. შეგახსენებთ იმასაც, რომ წაგებამდე 3 წლით ადრე, სტიპეს კამერუნელ მებრძოლთან მოგებულიც ჰქონდა. დავივიწყოთ PFL-ის ჩემპიონი და დავბრუნდეთ 309-ე ივენთზე, სადაც ყველა დროის საუკეთესოს სტატუსი ჯონმა კიდევ ერთხელ განამტკიცა.
ბრძოლა თავიდანვე დაიწყო ამერიკელი ჩემპიონის კარნახით - "სთოუნ ქოლდმა" მიიღო არაერთი იდაყვი სახეში და მესამე რაუნდისთვის მისი მდგომარეობა უკვე გაუსაძლისი გახდა. "ბოუნსის" ფეხის ნეკნებში მოხვედრის შემდეგ, 42 წლის ყოფილი ჩემპიონი დაეცა, რის შემდეგაც მისმა მეტოქედ საქმე ბოლომდე მიიყვანა.
მიოჩიჩი იდგა გმირულად, თუმცა როდესაც შენი მოწინააღმდეგე არის ჯონსი, შედეგი ლეტალურია. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ვეტერანმა ყოფილმა ჩემპიონმა ხორვატმა გააკეთა განცხადება კარიერის დასრულების შესახებ, ჯონი კი ოქტაგონიდან წასვლას ჯერჯერობით არ ჩქარობს.