28 ივლისს, 04:00 საათიდან დაიწყება UFC-ის რიგით 304-ე ღონისძიება, რომლის მონაწილე გიგა ჭიკაძეც იქნება. მისი მოწინააღმდეგე არის არნოლდ ალენი, რომელიც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში ამ დროისთვის მე-6 პოზიციას იკავებს. ქართველი მებრძოლის დაბრუნების გარდა, აღნიშნული ივენთი გამორჩეული კიდევ, მინიმუმ, 2 ბრძოლის გამო იქნება.
ტომ ასპინალი მძიმე წონითი დივიზიონის დროებით ქამარს კურტის ბლეიდსთან დაიცავს, ლეონ ედვარდსი კი ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ტიტულს ბელალ მუჰამადთან. 28 ივლისისთვის დაგეგმილი ღონისძიება მანჩესტერში გაიმართება და როგორც ვხედავთ, ყურადღების ცენტრში სწორედ ბრიტანელი მებრძოლები იქნებიან.

ჭიკაძე V ალენი
კელვინ კატართან მარცხისა და ბრძოლაში მიღებული არაერთი ტრავმის შემდეგ, ჭიკაძის რეაბილიტაციის პროცესი წელიწადნახევარზე დიდხანს გაგრძელდა. ქართველი მებრძოლი გასული წლის აგვისტოში დაბრუნდა და ალექს კასერესთან მოგებით, შერეული ორთაბრძოლების სამყაროს მან თავი კიდევ ერთხელ შეახსენა.
ალექს ვოლკანოვსკის დომინირების პერიოდში გიგა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ მებრძოლების წრეში ტრიალებდა და საჩემპიონო ქამრის ერთ-ერთ პრეტენდენტად განიხილებოდა. ამერიკელ მებრძოლთან წაგებამ "ნინძა" მნიშვნელოვნად დახია უკან და ახლა ის ძველი პოზიციების დაბრუნებას ცდილობს.

35 წლის მებრძოლი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში ამჟამად მეცხრე ადგილზეა. რაც შეეხება ალენს, ძველი პოზიციების დაბრუნების საკითხი მის გარშემოც აქტუალურია, რადგან ბოლო 2 ჩხუბი წააგო. თავდაპირველად, ინგლისელი მებრძოლი მაქს ჰოლოუეისთან დამარცხდა, მოგვიანებით კი - მოვსარ ევლოევთან.
არნოლდამდე მიმავალ გზაზე, ჭიკაძეს ბრძოლები ჩაეშალა სოდიქ იუსუფთან, "კორეელ ზომბისთან", ბრაიან ორტეგასა და ჯოშ ემეტთან. დარჩენილი ვარიანტით ქართველი მებრძოლი მაინც კმაყოფილი დარჩა, რადგან მისი მიზანი რეიტინგში მასზე წინ მყოფ მებრძოლებთან მოგებაა. "ყოვლისშემძლე" სწორედ ასეთი მეტოქეა გიგასთვის.
არაა გამორიცხული, რომ 30 წლის მებრძოლის დამარცხების შემთხვევაში, "ნინძა" რეიტინგის ტოპ ხუთში ვიხილოთ. მისი მიზანი ქვემსუბუქი დივიზიონის მებრძოლთა ელიტაში დაბრუნებაა. ჭიკაძე იბრძვის თავისი ოჯახისა და ოცნებებისთვის, 28 ივლისის ღამეს ის კიდევ ერთი ნატვრის ასრულებას ეცდება.
ასპინალი V ბლეიდსი
ორი წლის წინ, ისინი ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით ბლეიდსმა მოიპოვა. ასპინალისთვის სასწორზე ორი რამ დევს - დროებითი საჩემპიონო ქამრის დაცვა და რევანშიც აღების სურვილი, თანაც ეს ყველაფერი მშობლიურ მიწაზე. შეიძლება ითქვას, რომ ინგლისელი მებრძოლი ორმაგი ზეწოლის ქვეშ იქნება.
ცალკე გამოსარჩევი საკითხია ჯონ ჯონსის ფაქტორი - მძიმე წონაში ასვლისა და სირილ განის დამარცხების შემდეგ, ოქტაგონზე ის არ გამოჩენილა. არსებობს მოსაზრება, რომ "ბოუნსს" სტიპე მიოჩიჩთან დაპირისპირებას უმზადებენ, რომლის შემდეგაც ის კარიერას დაასრულებს. რატომ UFC-ის ვეტერანი და არა თუნდაც ტომი? - ეს მხოლოდ დეინა უაიტმა იცის.

ფაქტია, 36 წლის მებრძოლის გარშემო ახალი თაობის წარმომადგენლების სახელებს ვერ ვხედავთ. UFC-ის ორგანიზატორებს მისი ისტორიის ლამაზად დასრულება სურთ, ისე რომ ერთპიროვნული GOAT-ის სტატუსის მიღების შემდეგ, დასამტკიცებელი აღარაფერი იყოს. ობიექტურად, ჯონსმა ლამაზი და მშვიდი ფინალი ნამდვილად დაიმსახურა.
დიახ, ამერიკელი მებრძოლის გარშემო მუდმივად იტრიალებს არაერთი კითხვა, თუმცა პასუხი ყოველთვის იქნება ის, თუ რა ისტორია დაწერა მან ქვემძიმე დივიზიონში გასული დეკადის დასაწყისში. ჯონის სიდიადე სწორედ იქ არის, მძიმე წონაში მოპოვებული ჩემპიონის ტიტული კი უბრალოდ ერთგვარი ბონუსია მისი ისედაც დიდებული კარიერისთვის.
ბევრი იწერება ალექს პერეირას მძიმე წონით დივიზიონში გადასვლის შესახებ და არაა გამორიცხული, რომ მომავალში შემდეგი დიდი ფიგურა იქ სწორედ ის იყოს. ბრაზილიელი მებრძოლი ერთადერთია, რომელიც ჩემპიონი გახდა როგორც საშუალო, ისე ქვემძიმე დივიზიონებში. უნდა ველოდოთ მძიმეში შემოჭრას?! ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.
ედვარდსი V მუჰამადი
სამი წლის წინ დაწყებული ისტორიის გაგრძელება ან გნებავთ, თავიდან დაწყება, რადგან 2021 წლის მარტში ჩატარებულ ბრძოლაში გამარჯვებული არ გამოავლინეს. მუჰამადს თვალში მოხვდა ედვარდსის თითი, რის გამოც ჩხუბის გაგრძელება მან ვეღარ შეძლო. იმის შემდეგ, ორგანიზაციაში ბევრი რამ შეიცვალა.
ინგლისელმა მებრძოლმა კამარუ უსმანის ჰეგემონია დაასრულა და მოგვიანებით, მან ტიტულის დაცვაც მოასწრო. ამერიკელმა კი მოიგო ხუთი ბრძოლა და ყველას დაუმტკიცა, რომ საჩემპიონო გამოწვევისთვის მზად არის. 28 ივლისს ვიხილავთ იმას, თუ რა მოხდებოდა ლეონისა და ბელალის ბრძოლაში, რომ არა ის ინციდენტი.
