ამ სტატიაში მიმოვიხილავთ ყველა დივიზიონს და გამოვარჩევთ ყველაზე საინტერესო მატჩებს:

A დივიზიონი:
ერთა ლიგის ახალი სეზონი პორტუგალია-ხორვატიის საინტერესო დაპირისპირებით გაიხსნება, რომელიც 5 სექტემბერს, ლისაბონში გაიმართება. რობერტო მარტინესის გუნდი ამ მატჩს უძლიერესი შემადგენლობით ხვდება. განაცხადშია ლეგენდარული კრიშტიანო რონალდუც, რომელიც გოლების გატანას ყველა ტურნირზე აგრძელებს. ამ ჯგუფის მეორე მატჩი შოტლანდიაში გაიმართება, სადაც ადგილობრივი ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდება.
A დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯგუფი მეორეა, სადაც ერთბაშად სამი ტოპ ნაკრებია წარმოდგენილი. 6 სექტემბერს, პარიზში საფრანგეთი იტალიას უმასპინძლებს. ევრო 2024-ზე ნაჩვენები არც ისე კარგი პერფორმანსის შემდეგ, ევროპის ორი ძლიერი ნაკრები ახალ ციკლს იწყებს, შესაბამისად, ამ მატჩის წინ დიდი მოლოდინებია. ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა ბელგიასა და ისრაელს შორის გაიმართება.
მესამე ჯგუფში ორი ფავორიტი გამოკვეთილია, თუმცა არც უნგრეთია ხელწამოსაკრავი ნაკრები და არც ბოსნია და ჰერცოგოვინა. ამ ჯგუფის ორივე მატჩი 7 სექტემბერს გაიმართება: ნიდერლანდები ეინდჰოვენში ბოსნია და ჰერცოგოვინას უმასპინძლებს, გერმანია კი დიუსელდორფში უნგრეთს დაუხვდება.
და ბოლო, მეოთხე ჯგუფი, სადაც ერთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია წარმოდგენილი. ესპანეთი სერბეთთან გასვლაზე ითამაშებს, დანია კი შვეიცარიას უმასპინძლებს.

B დივიზიონი:
პირველი დივიზიონის მსგავსად, აქაც 4 ჯგუფი გვყავს. საქართველოს მეტოქეებზე უკვე ვისაუბრეთ, შესაბამისად, თავიდანვე მეორე ჯგუფით დავიწყებთ.
ჩვენთვის კარგად ნაცნობი საბერძნეთი ინგლისთან, ირლანდიასთან და ფინეთთან არის წარმოდგენილი. 7 სექტემბერს ითამაშებს საბერძენთიც, რომელიც სახლში ფინეთს დაუხვდება, ხოლო B დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრები ინგლისი, მისთვის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს ირლანდიას შეხვდება. მატჩი დუბლინში გაიმართება.
მესამე ჯგუფშიც საკმაოდ საინტერესო ნაკრებები არიან წარმოდგენილი, სადაც ფავორიტი ალბათ ავსტრიის ნაკრებია. რალფ რანგნიკის გუნდთან ერთად ამ ჯგუფში სლოვენიის, ნორვეგიისა და ყაზახეთის ნაკრებებსაც ვხვდებით. ევრო 2024-ზე ნაჩვენები კარგი პერფორმანსის შემდეგ, ავსტრია სლოვენიასთან დაიწყებს ახალ ციკლს, ხოლო რაც შეეხება ჰოლანდის და ოდეგორის ნორვეგიას, ვიკინგები ყაზახეთში ითამაშებენ გასვლაზე.
მეოთხე ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტი ნაკრები თურქეთია. ვინჩენცო მონტელას გუნდის გარდა, ჯგუფში წარმოდგენილი არიან ისლანდია, მონტენეგრო და უელსი. სწორედ ეს უკანასკნელი უმასპინძლებს თურქეთს 6 სექტემბერს. მატჩი კარდიფში გაიმართება. რაც შეეხება ჯგუფის მეორე შეხვედრას, ისლანდია მონტენეგროს სახლში უმასპინძლებს.

C დივიზიონი:
დივიზიონი, სადაც ერთი დონის ბევრ ნაკრებს ვხვდებით. შვედეთი გამოკვეთილი ფავორიტი მოსჩანს, მის ჯგუფში კი ესტონეთი, სლოვაკეთი და აზერბაიჯანიც არიან. 5 სექტემბერს გაიმართება აზერბაიჯანი-შვედეთის და ესტონეთი-სლოვაკეთის მატჩი. მეორე ჯგუფში ვხვდებით რუმინეთს, ლიეტუვას, კვიპროსსა და კოსოვოს. ამ ჯგუფში ფავორიტებად კოსოვო და რუმინეთი მოსჩანან და სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს პორველ ტურში. ლიეტუვა კი კაუსანში თემურ ქეცბაიას კვირპოსს შეხვდება.
მესამე ჯგუფი ჩრდილოეთ ირლანდია-ლუქსემბურგის და ბელარუსი-ბულგარეთის მატჩებით გაიხსნება. ხოლო ბოლო ჯგუფში, ფარერები ჩრდიელოთ მაკედონიას შეხვდება, სომხეთი კი ერევანში ლატვიას უმასპინძლებს.

D დივიზიონი:
ერთა ლიგის ყველაზე პატარა დივიზიონი, სადაც ჯამში 6 ნაკრებია წარმოდგენილი. გუნდები ორ ჯგუფში არიან გადანაწილებული: სან-მარინო ლიხტენშტაინს 5 სექტემბერს დაუპირისპირდება, მოლდოვა კი მალტას 7 სექტემბერს შეხვდება.








