ბრედლი ბარკოლა - პარის სენ-ჟერმენის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე გაიტანა 14 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა. საინტერესოა ის, რომ ახალგაზრდა ფრანგი ვინგერის "აღზევება" დაიწყო ზუსტად მას შემდეგ, რაც პსჟ-მ ნაპოლიდან ხვიჩა კვარაცხელია გაიფორმა.
თავად განსაჯეთ - ქართველი შემტევის ტრანსფერის შემდეგ პარიზული გუნდის გარემარბმა ოთხი გოლი გაიტანა და თავის ანგარიშზე ხუთი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა. ეს ყველაფერი 22 წლის ვინგერმა სულ რაღაც 2 კვირაში გააკეთა. საინტერესოა ისიც, რომ "პარტენოპეის" ყოფილი ლიდერის ტრანსფერამდე, "ლურჯ-წითლების" 29-ე ნომერს ჩემპიონთა ლიგაზე ერთი შედეგიანი ქმედებაც კი არ ჰქონდა განხორციელებული.
უკანასკნელ ორ შეხვედრაში კი ბარკოლამ გაიტანა ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. განსაკუთრებით გამოსარჩევია მანჩესტერ სიტისთან ქამბექი, რომელშიც ფრანგმა ვინგერმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. მოგვიანებით კი მან შტუტგარტთანაც გაიბრწყინა.