ქუთაისის ტორპედოს ახალი მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერი იქნება. საუბარია თავკაცზე, რომელმაც დარმშტადტის თანამედროვე ისტორია დაწერა. გერმანელმა დამრიგებელმა "ლურჯები" ჩაიბარა 2012 წელს, როდესაც ეს გუნდი ასპარეზობდა მე-3 ბუნდესლიგაში და სულ რაღაც 2 სეზონში ის გერმანული ფეხბურთის ელიტამდე აღზევდა.
ჰესენელთა იმდროინდელმა მწვრთნელმა თავისი გუნდი არა მხოლოდ აიყვანა ბუნდესლიგაში, არამედ იქ დატოვა კიდეც. სხვადასხვა დროს მას დაუმარცხებია ლაიფციგი, ბრემენის ვერდერი და ჰამბურგი, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი მოგება 57 წლის დამრიგებლის კარიერაში ლევერკუზენის ბაიერის წინააღმდეგ იყო.
2015 წლის 12 სექტემბერს, ბუნდესლიგის მეოთხე ტურის ფარგლებში "ლილიებმა" "ფარმაცევტები" სტუმრად მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ "შავ-წითლებში" იმ დროს თამაშობდნენ ისეთი გამორჩეული შემსრულებლები, როგორებიც არიან ჩიჩარიტო ერნანდესი, შტეფან კისლინგი, ბერნდ ლენო, ჰაკან ჩალჰანოღლუ და სხვები.
ბაიარენას ბინადრებს იმ დროს როჯერ შმიდტი წვრთნიდა. დავუბრუნდეთ შუსტერს, რომელიც აღნიშნული სეზონის დასრულების შემდეგ, გერმანიის წლის საუკეთესო სპეციალისტადაც კი დაასახელეს.