გასულ კვირას
LaGazzetta.ge ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩს დაესწრო და პსჟ-ლივერპულის შეხვედრიდან აქტიურად შემოგთავაზათ ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინა და შემდგომი პერიპეტიები.
თამაშის მეორე დღეს, კლუბის ოფიციალურ მაღაზიას ვესტუმრეთ. აღსანიშნავია, რომ ფან-შოპში შესვლისთანავე, პირველივე სექციაში, ხვიჩა კვარაცხელიას მაისურებს ვხვდებით.
ფან-შოპში სხვადასხვა ქვეყნის უამრავი ხალხი იყო. ქართველი შემტევის მაისურს ყიდულობდნენ როგორც ადგილობრივები, ისე ქართველები და სხვა ქვეყნის ტურისტები.
ასევე, საშუალება მოგვეცა ფან-შოპის ერთ-ერთ წარმომადგენელს გავსაუბრებოდით. LaGazzetta.ge-სთან საუბარში მან თქვა, თუ რომელი ფეხბურთელების მაისურები იყიდება ყველაზე ხშირად.
კლუბის ოფიციალურ მაღაზიაში გაყიდული მაისურებით პირველ ადგილს უსმან დემბელე იკავებს. აქამდე, პირველობას ბრედლი ბარკოლა არავის უთმობდა, თუმცა დემბელეს ბოლოდროინდელი ფორმიდან გამომდინარე, მისი მაისურების გაყიდვის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
შესაბამისად, პარიზული გუნდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ბრედლი ბარკოლამ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
მესამე ადგილს ხვიჩა კვარაცხელია იკავებს. კვარა პსჟ-ში მხოლოდ 2 თვეა ირიცხება, თუმცა მისი 7-ნომრიანი მაისური ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.
მეოთხე ადგილზეა პსჟ-ს პორტუგალიელი ნახევარმცველი ვიტინია. მოულოდნელი არც ეს ამბავია, რადგან თავისი თამაშის სტილიდან გამომდინარე, ვიტინია წელს ბევრის საყვარელი ფეხბურთელი გახდა.
აი, მეხუთე ადგილი, არც მეტი, არც ნაკლები, კანგ-ინი ლის აქვს დაკავებული. შეიძლება სამხრეთ კორეელი ნახევარმცველი გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა არ არის, თუმცა პარიზში მცხოვრები ბევრი აზიელის და იქაური ტურისტების ფონზე, ლის მაისურები გაყიდვებში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.
გასაკვირი არაა ისიც, რომ ბოლო წლების სტატისტიკით, პსჟ-ს ოფიციალურ მაღაზიაში ყველაზე ხშირად კილიან მბაპეს მაისური იყიდებოდა.