თოფურია V ჰოლოუეი ჩაინიშნა - რატომ აბუ-დაბიში და არა ლას-ვეგასში?

საუბრები აღნიშნული ბრძოლის შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაჩნდა, თუმცა UFC-ისგან ოფიციალური დასტური ამ დრომდე არ იყო. გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი ვარაუდობდა, რომ "ელ მატადორი" საჩემპიონო ქამარს 15 სექტემბერს დაიცავდა, იმ დღეს, როცა მისი თანამემამულე, მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალის დაუპირისპირდებოდა.
ვარაუდი არ ახდა, 27 წლის ჩემპიონსა და "მანქანას" არ ვიხილავთ ერთ ქარდზე, მათ ბრძოლებს შორის თითქმის თვენახევრიანი შუალედი იქნება. რატომ მოხდა ასე? ამ გადაწყვეტილებაში დიდ როლს თამაშობს ისლამ მახაჩევის ფაქტორი, სწორედ მას უნდა ებრძოლა აბუ-დაბიში 26 ოქტომბერს, მაგრამ ის აღნიშნული თარიღისთვის გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.
დასტინ პორიესთან ბრძოლის შემდეგ, დაღესტნელ ჩემპიონს ხელის მყესების ტრავმა აწუხებს, რის გამოც მას გარკვეული დროის განმავლობაში დასვენება მოუწევს. აბუ-დაბიში გასამართი ივენთი მთავარი ბრძოლის გარეშე რჩებოდა, ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, თოფურიასა და ჰავაელის ჩხუბი ლას-ვეგასიდან სწორედ ემირატებში გადაიტანეს.
შეგახსენებთ, ქართველ ჩემპიონს თავისი კარიერის განმავლობაში ჩატარებული აქვს 15 ბრძოლა და ის დღემდე დაუმარცხებელია. კონკრეტულად UFC-ში კი ილიას ანგარიშზე 7/7 მოგება არის. რაც შეეხება "კურთხეულს", 33 ჩხუბი, 26 მოგება და 7 წაგება. საინტერესოა ის, რომ ნოკაუტით ის არასდროს დამარცხებულა. აქვე დავამატებთ, რომ 32 წლის მებრძოლი არის BMF-ის ქამრის მოქმედი მფლობელიც, მას შემდეგ, რაც მან დრამატულ დაპირისპირებაში ჯასტინ გეიჯი გათიშა.









