UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სოციალური ქსელის საშუალებით მაქს ჰოლოუეის მიმართა. შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯისთან მოგების შემდეგ, ჰავაელმა გამოიწვია სწორედ ქართველი და შეიძლება ითქვას, რომ მათი დაპირისპირება არაოფიციალურად უკვე ჩანიშნულიც არის.
"მაქს, გამარჯვებას გილოცავ. პატივს ვცემ შენს ისტორიასა და ყველაფერს, რასაც მიაღწიე, შენს მშვენიერ ოჯახთან ერთად. იმედია, წლის ბოლომდე შევხვდებით ოქტაგონზე და დამიჯერე, ისეთ რაღაცას იგრძნობ, რაც აქამდე არასდროს გიგრძვნია. პირველი ვიქნები, ვინც გაგთიშავს. ფილიპელთა 4:13", - წერს "ელ მატადორი" სოციალურ ქსელში.
ჰოლოუეის პასუხმა არ დააყოვნა:
"ჩემპიონო, ეს ყველაფერი სიყვარულია. მალე შევხვდებით. იერემია 51:20".
როგორც ვხედავთ, ორივე მებრძოლმა შთაგონება ბიბლიიდან აიღო. თოფურია გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ ქრისტეს დახმარებით მას ყველაფერი შეუძლია. ჰავაელმა კი ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ის ღმერთის იარაღია.