რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ვახო ბედოშვილი რუსულ კლუბ ნიჟნი ნოვგოროდში გადავიდა. ამ ტრანსფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ორბი, რომლის საკუთრება ბედოშვილი იყო, თვლის, რომ ფეხბურთელმა და კლუბმა კონტრაქტის პუნქტები დაარღვია და FIFA-ში სარჩელი შეიტანეს, რათა მეორე მხარე სათანადოდ დაისაჯოს.
თავის მხრივ, რუსული კლუბი თვლის, რომ ყველაფერი წესების დაცვით მოხდა და ბედოშვილის ტრანსფერით კლუბს არც სატრანსფერო ბანი დაედება და არც რაიმე სანქცია დაეკისრება.
LaGazzettta.ge-სთან ინტერვიუში, ორბის ხელძმღვანელმა ბესო ზედელაშვილმა და ბედოშვილის აგენტმა მარატ არჩეგოვმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.
"ორბისა და გარეჯს შორის ბედოშვილის საიჯარო ხელშეკრულება იყო წლის ბოლომდე, რომელიც ცალმხრივად შევწყვიტეთ ივლისის თვეში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. ჩვენს კლუბს ფეხბურთელთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება აქვს 2026 წლის ბოლომდე. ფეხბურთელმა ყველანაირი წესების დარღვევით გაწყვიტა ეს შრომითი ხელშეკრულება.
ორბიმ უკვე მიმართა შესაბამის ზომებს მისი სამართლებრივი დავა ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით და დაიწყო შესაბამისი დავები ტრანსფერის გარშემო მონაწილე მხარეების წინააღმდეგ. კლუბს არ გაუფორმებია არანაირი სატრანსფერო ხელშეკრულება და ამ დრომდე არ მიუღია რაიმე თანხა. სარჩელი უკვე შეტანილი გვაქვს და ყველაფერი განაჩენის შემდეგ გაირკვევა", - გვითხრა ორბის წარმომადგენელმა ბესო ზედელშვილმა.
"ვახო წლის დასაწყისში ორბიდან გარეჯში იჯარით გადავიდა და სამივე მხარე (ორბი, გარეჯი და ვახო) ტრანსფერის გამოსყიდვის პუნქტზე შეთანხმდა. ხელმოწერებით მათ ეს გამოსყიდვა ყველა მხარისთვის სავალდებულო გახადეს. შეთანხმდნენ, რომ თუ უცხოური კლუბი გარკვეულ თანხას შესთავაზებს და პროექტი ვახოს მოეწონება, ისინი ვალდებულნი იქნებიან ფეხბურთელი გაყიდონ. ასეთი შეთავაზება ნიჟნი ნოვგოროდიდან მოვიდა, ბედოშვილს მოეწონა პროექტი, გუნდის ამბიციები და მიხვდა, რომ ამ გუნდში თამაში სურდა.
უბრალოდ აღვნიშნავ - როდესაც კლუბები კონტრაქტში გამოსყიდვის ხელშეკრულებას დებებენ, ისინი თანხმდებიან, რომ ეს გამოსყიდვა ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს. ეს არის ერთგვარი საჯარო შეთავაზება, რომლის მიღება ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ კლუბს შეუძლია", - განაცხადა ბედოშვილის აგენტმა.
მიუხედავად იმისა, რომ ორბიმ ეს ინფორმაცია უარჰო, ფეხბურთელის აგენტი ადასტურებს, რომ ორბიმ ბედოშვილის სატრანსფერო თანხა უკვე მიიღო.
"ნიჟნიმ სცადა ორბისთან გამოსავლის პოვნა, ორბი თანამშრომლობისთვის ღია არ იყო. კლუბმა თანხა ორბის ანგარიშზე გადარიცხა. ორბიმ კონტრაქტში მითითებული გამოსყიდვის თანხა უკვე მიიღო საბანკო ანგარიშზე.
ყველაფერი ფიფას რეგულაციის შესაბამისად გაკეთდა და მათი მხრიდან ასეთი ქმედებები უბრალოდ შანტაჟი და არაეთიკური ქცევაა", - დაასრულა აგენტმა.
ასეთია ორივე მხარის პოზიცია ამ ხმაურიანი ტრანსფერის გარშემო. დანარჩენი კი სადისციპლინო კომიტეტის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.








