უსმან დემბელე, ჟიულ კუნდე და ორელიენ ჩუამენი გახდნენ პოდკასტ The Bridge-ის სტუმრები, სადაც აღნიშნულმა ტრიომ ფეხბურთის გარდა, სხვა თემებიც განიხილა. პოდკასტის მსვლელობისას გაირკვა, რომ პარის სენ-ჟერმენის ვინგერს აქვს უცნაური გატაცება, კერძოდ კი სხვადასხვა ქვეყნების მმართველების შესახებ დოკუმენტური ფილმების ყურება.
"მიყვარს დოკუმენტური ფილმების ყურება. ვგულისხმობ ისეთ ფილმებს, რომელშიც საუბრობენ მეორე მსოფლიო ომზე, სხვადასხვა დიქტატორებზე და ა.შ. მაგალითად მობუტუ, ან ის გერმანელი, ასევე სტალინი. მსგავსი ფილმების ყურება ძალიან მომწონს. რატომ მაინც და მაინც დიქტატორები? არ ვიცი, უბრალოდ მომწონს", - განაცხადა ფრანგმა ვინგერმა.
კუნდემ და ჩუამენიმ ვერ შეიკავეს სიცილი, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც 27 წლის გარემარბი ჰიტლერის გვარის წარმოთქმას ცდილობდა. გერმანელი მმართველის გვარის ხსენებაზე The Bridge-ის გვერდი შესაძლოა დაბლოკილიყო.