შუმახერმა 2002 წელს რეკორდი დაამყარა, რომელიც დღემდე ვერავინ გაიმეორა

2002 წელს, ლეგენდარულმა გერმანელმა მრბოლელმა ყველა რბოლაზე მოახერხა სამეულში მოხვედრა და შესაბამისად, პოდიუმზე ასვლა — მაშინ, 17 გრან პრი გაიმართა და საერთო ჯამში, შუმახერმა ჩემპიონატი 144 ქულით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ მიხაელ შუმახერს ასევე ეკუთვნის ზედიზედ პოდიუმზე ასვლის რეკორდიც — 2001 წლის აშშ-ის გრან პრიდან მოყოლებული 2002 წლის იაპონიის გრან პრიმდე, გერმანელმა პილოტმა ზედიზედ 19-ჯერ დააფინიშა სამეულში.
ზედიზედ 19 პოდიუმის რეკორდთან ყველაზე ახლოს 2014-15 წლებში ლუის ჰემილტონი მივიდა, რომელიც 16-ჯერ გავიდა სამეულში, ხოლო 15-ჯერ შეძლეს პოდიუმზე ასვლა ფერნანდო ალონსომ და მაქს ვერსტაპენმა.
ცნობისთვის, შუმახერი და ჰემილტონი ერთი უნიკალური რეკორდის თანამფლობელები არიან — ორივე მათგანმა ზედიზედ 15 სეზონში მოახერხა მინიმუმ 1 რბოლის მოგება.







